|

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და საბჭოს არჩევის წესი ახლებურად რეგულირდება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით, 82 ხმით 24 - ის წინააღმდეგ, მიიღეს.
კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია. ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. კანდიდატის დასახელების უფლება კი მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს ექნება. ამავე ცვლილებებით, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ. კანონპროექტის განხილვისას უმცირესობის არაერთმა წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ კანონპროექტის მიღებას არ ეთანხმება. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი.
უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ პირთა კრიტერიუმად უმაღლესი იურიდიული განათლების განსაზღვრა ისეთივე ტიპის პრობლემებს გააჩენს, რაც თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან და მის დიპლომთან დაკავშირებით მოხდა. უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ექვსი წევრის არჩევა მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობაზე დამოკიდებული გახდება და რეალურად უმცირესობას არ ექნება შესაძლებლობა, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ცალმხრივი წარმომადგენლობა იქნება და ამის შესაძლებლობას რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი ქმნის. უმცირესობის წარმომადგენლის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, პრაქტიკა ადასტურებს, რომ უმრავლესობის მხრიდან არჩეული პირები პოლიტიკურად ნეიტრალური არ არიან. „რამდენიმე წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას წარმომადგენლობა ჰყოლოდა. ვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის წევრები არ უნდა იყვნენ. ამავდრიულად ვფიქრობთ, რომ ოპოზიციას საშუალება უნდა მიეცეს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოში კანდიდატურების შერჩევასა და დამტკიცებაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა. მისივე მოსაზრებით, ადამიანები, რომლებიც არჩეულნი იქნებიან უმრავლესობით და არა საკონსტიტუციო კვორუმით, პოლიტიზირებული იქნებიან. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე დაინტერესდა, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა „ნაციონალურმა მოძრაობამ" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას. მისი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება წინა მოწვევის პარლამენტის მიერ არა სრული შემადგენლობის ორი მესამედით, არამედ სრული შემადგენლობის უმრავლესობით მოხდა. „როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ პროკურატურიდან მისული კადრი მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეთ, რომელსაც სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდა, მაშინ რით იხელმძღვანელეთ? იყო ის მაღალი რეპუტაციის ან სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი? რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეთ, როდესაც ლევან მურუსიძე პროკურატურიდან მიიყვანეთ, რომელსაც სასამართლოში ნამუშევარი არ ჰქონდა. მაშინ ჰკითხეთ აზრი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს? სწორედ ასე დააკომპლექტეთ თქვენ უზენაესი სასამრთლო და ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში სულ სხვაგვარად მსჯელობთ“, - მიმართა კობახიძემ უმცირესობის წევრებს. მისივე თქმით, „სასამართლო არც სააკაშვილის, არც უმრავლესობის და არც უმცირესობის იქნება და წარმოდგენილი ცვლილებებით ის ხალხს დაუბრუნდება“. დღესვე მესამე მოსმენით, 78 ხმით მიიღეს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები. დამტკიცებული პროექტის თანახმად, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, სამ ტურად გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება. ამასთან, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის კენჭისყრას წინ უძღოდა ხანგრძლივი დებატები უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის. მთავრობის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული 226-ე მუხლის I ნაწილი შესწორდა, რომლის მიხედვით, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით მიიღონ. „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, აღნიშნული ინიციატივით პროკურორების ხელში გადადის ბრალდებულის უფლება - თვითონ გადაწყვიტოს, საქმე სასამართლომ განიხილოს თუ ნაფიცმა მსაჯულებმა. პლენარულ სხდომაზე განიხილეს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმ,ა გიორგი ხელაიამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის წაყენებული მოთხოვნა - პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩები ორი კვირის ვადაში დანიშნოს, იმ ელჩობის კანდიდატებზეც გავრცელდება, რომელიც პარლამენტში ამჟამადაა წარდგენილი. უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დაინტერესდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი კანონის მოთხოვნას დაარღვევს და მოცემულ ვადაში ელჩებს არ დანიშნავს. „კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო თუ პრეზიდენტი პარლამენტის მხრიდან დამტკიცებულ კანდიდატებს ხელს ორი კვირის ვადაში არ მოაწერს, ეს კანონდარღვევა იქნება“, - განაცხადა ხელაიამ. მისივე განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მომზადება განაპირობა იმ პრაქტიკამ, რომ პრეზიდენტმა ელჩების დანიშვნაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემა რამდენჯერმე გააჭიანურა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს კანონპროექტები: საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. |