|
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი პოლონეთში გრძელდება |
|
სამშაბათი, 09 აპრილი 2013 17:57 |
|

პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე დილიდან შეხვედრებით დაიწყო.
საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური ვითარება და ახალი ხელისუფლების საგარეო ხედვები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან პოლონეთის აღმოსავლეთის სწავლებათა ცენტრში გამართული შეხვედრისას. პოლონელი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაინტერესდნენ თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და როგორ მიმდინარეობს კოაბიტაციის პროცესი ორ პოლიტიკურ გუნდს შორის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური ალიანსის „ქართული ოცნების“ ლიდერთა უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული თავის დროზე „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზებაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ევროპისკენ იყურებიან და ევროატლანტიკური ალიანსი მათთვის პრიორიტეტია.
დავით უსუფაშვილმა ალიანსის ლიდერის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი წლების წინ „ვარდების რევოლუციიის“ ხელისუფლებას აქტიურად უჭერდა მხარს როგორც იდეურად, ასევე ფინანსურადაც, რათა მაშინდელი ხელისუფლების ხალხისადმი მიცემული დანაპირები შესრულებულიყო.
შეხვედრისას კითხვები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც დაისვა, რომლის შესახებ აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა ითანამშრომლოს ახალ, მოდერნიზებულ რუსეთთან, სადაც თავისუფალი მოქალაქე და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მთავარი ამოსავალი. დელეგაციის წევრებმა თედო ჯაფარიძემ და გიორგი ვოლსკიმ კონფლიქტური რეგიონების და მათი მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს და ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე გაკეთებულ შეკითხვებს უპასუხეს. |
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 09 აპრილი 2013 18:41 |