საქართველოს პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში
Tuesday, 09 April 2013 18:58

საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მეუფე იაკობმა გადაიხადა. 
დღესვე, თბილისის პარლამენტის სასახლეში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის წევრებმა, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებმა მიიღეს. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა მიმართა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, საქართველოს მოქმედი პარლამენტი მისი თავმჯდომარის მოწვევით მართავს მიღებას იმ უზენაესი საბჭოს წევრებისა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს.

"დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ყველასთვის ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და მომავალი. 24 წლის წინ ამ პარლამენტის შენობის წინ უმანკო გოგო-ბიჭების სისხლი დაიღვარა. სწორედ, 1989 წლის თავგანწირვამ განაპირობა ის, რომ 1991 წლის 9 აპრილს უკვე საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამ დოკუმენტზე ხელის მომწერები აქ ბრძანდებით. მე მინდა ყველას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, მთელი პარლამენტის სახელით მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგით. ამ საკითხში ლომის წვლილი ზვიად გამსახურდიას მიუძღვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა .
პარლამენტში გამართული მიღების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.

,,22 წლის წინ ამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს მაშინ, როდესაც საბჭოთა წყობა ისევ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება გმირობის ტოლფასი იყო, რამეთუ მაშინდელი იმპერია ყველაფრისთვის მზად იყო, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის საშუალება არ მიეცა. ამ დღეს როგორც ხალხში, ასევე ხელისუფლებაში იყო განცდა და მზაობა ნებისმიერი განსაცდელისათვის. ამის მაგალითი იყო 1989 წლის 9 აპრილი, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გამოსული ხალხი იმპერიისგან მკაცრად დაისაჯა. 2 წლის შემდეგ, 31 მარტს საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა და როგორც ქართველებმა, ისე საქართველოში მცხოვრებმა სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებმა ერთხმად ხმა მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამ დარბაზში არიან ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. მინდა, გამოვხატო დიდი პატივისცემა თქვენდამი, რომ ეს შეძელით. განსაკუთრებული პატივი მინდა მივაგო ამ ყველაფრის შემოქმედს, ზვიად გამსახურდიას და მის ხსოვნას, ასევე იმ ხელმომწერებს, ვინც ამ დღეს ვერ მოესწრო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში მიუხედავად ხიფათისა და გაუგებრობებისა, არავის დაუყენებია ეჭვის ქვეშ ეს დიდი ისტორიული მოვლენა და დღევანდელი ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მთავარი ისტორიული მონაპოვარი – დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არასდროს დადგეს.
პარლამენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ 24 წლის წინ ქართველმა ერმა დაამტკიცა თავისი მორალური უფლება ყოფილიყო თავისუფალი და ჰქონოდა დამოუკიდებელი ქვეყანა. "დღევადნელი დღე ერთდროულად არის ტკივილისა და სიხარულის დღე, იმედისა და პასუხისმგებლობის დღე. დღეს უნდა მოვიგონოთ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შექმნეს პირობები დამოუკიდებლობისათვის, რომლებმაც გამოაფხიზლეს ქართველი ხალხი, გამოაფხიზლეს საერთაშორისო თანამეგობრობა და შექმნეს პირობა, რომ 2 წლის შემდეგ გამოცხადებულიყო საქართველო თავისუფალ ქვეყნად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ხაზი გაუსვა მის წვლილსა და როლს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. ,,ჩემთვის 9 აპრილში მთავარი არის ის, რომ 9 აპრილი არ არის წარსული, 9 აპრილი არის ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალიც. მომავალი, რომელიც გვეუბნება, რომ თუ ქართველები სამშობლოს დასაცავად ერთად დავდგებით, ჩვენ მას დავიცავთ. 9 აპრილს ჩვენ დავიცავით ჩვენი სამშობლო იმ დროის ყველაზე დიდი და საშიში იმპერიისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Last Updated on Wednesday, 10 April 2013 00:58
 
modules