საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები პოლონეთის სენატში და სეიმში
სამშაბათი, 09 აპრილი 2013 20:45
საქართველო-პოლონეთის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საპარლამენტო დელეგაციის პოლონეთის სენატში და სეიმში გამართული შეხვედრების დროს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და პოლონეთის საპარლამენტო უმრავლესობის (სამოქალაქო პლათფორმის) წარმომადგენლებთან შეხვედრისას ძირითადი ყურადღება საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტების განხილვას დაეთმო. პოლონურმა მხარემ მადლობა გადაუხადა დავით უსუფაშვილს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის გამო და აღინიშნა, რომ ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველო ევროპისკენ და ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის. „პოლონეთის პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა ვთანხმდებით იმაზე, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში“, - განაცხადა პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, იერჟი ვენდერლიჰმა. საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას დავით უსუფაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებას შეეხო და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი ჩვენთვის ერთგვარი სასწავლო მასალაა. „გვსურს გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება განსაკუთრებით იმ საქმეში თუ როგორი ურთიერთობები უნდა გვქონდეს დიდ, მტრულად განწყობილ მეზობელთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყანად მიიჩნევთ, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოსკენ აქვს მისწრაფება. გვინდა ევროპული სტანდარტების მიხედვით ვიაროთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პოლონეთის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. პოლონელი დეპუტატების განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას და სასიამოვნოა, რომ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავაც უცვლელია და იგი ევროპასთან დაახლოებას წარმოადგენს. „პოლიტიკური რადიკალიზმის დრო გავიდა და დადგა პოლიტიკური კონსენსუსის პერიოდი, როდესაც თანხვედრი მოქმედებები უნდა წამოვიდეს“, - აღნიშნა პოლონეთის პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა. პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთანაც გამართა. ჯგუფში შემავალი დეპუტატები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს ადგილზე აკვირდებოდნენ არჩევნების მსვლელობას და დღესაც მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებენ ქართველ კოლეგებთან. მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, მალგორჟატა გოჩევსკას განცხადებით, პოლონური მხარისთვის საინტერესოა საქართველოში განხორციელებული სოციალური რეფორმების კანონმდებლობა და ის გამოცდილება, რაც საქართველომ ამ მიმართულებით განახორციელა. ქართველი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, რომ მეგობრობის ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, რაც საშუალებას მისცემს ორივე ქვეყნის კანონმდებლებს საკუთარი გამოცდილებების გასაზიარებლად. დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული დელეგაცია პოლონეთის სენატის და სეიმის თავმჯდომარეებს შეხვდნენ.