საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პოლონეთის სენატის და სეიმის თავმჯდომარეებს შეხვდა
სამშაბათი, 09 აპრილი 2013 23:43
პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საპარლამენტო დელეგაცია პოლონეთის სენატის და სეიმის თავმჯდომარეებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავის პოლონელ კოლეგებთან საქართველო-პოლონეთის ურთიერთობების გაღრმავების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა ვიზიტის მნიშვნელობასა და დღეს გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„დღეს გაგრძელდა ქართული დელეგაციის შეხვედრები პოლონეთის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელთან სასიამოვნო და სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომლის დროს კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური იმისა, რომ პოლონეთი რჩება საქართველოს მეგობრად და მომავალი თანამშრომლობა პარლამენტების, სპიკერების და კომიტეტების დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება.
ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად ყოველდღიური გახდეს. იმისათვის, რომ გვქონდეს შეჯერებული პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრი ვისწავლოთ გაცილებით მეტი ტრადიციების და დემოკრატიული გამოცდილების მქონე ქვეყნიდან, ამისათვის საჭიროა სხვადასხვა დონეზე კონტაქტების კიდევ უფრო დაახლოება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტისას ქართული დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, ბოგდან ბორუსევიჩს და სეიმის მარშალს, ევა კოპაჩს შეხვდა. პოლონეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.