პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის არმიაში მებრძოლი ქართველი ოფიცრების მემორიალი გვირგვინით შეამკო
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 14:44

 

DSC 4973

პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის არმიაში მებრძოლი ქართველი ოფიცრების
მემორიალი გვირგვინით შეამკო. დავით უსუფაშვილმა პატივი მიაგო იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებმაც 1939-1945 წლებში სიცოცხლე გაწირეს პოლონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საპარლამენტო დელეგაციამ ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა და ფაშისტური გერმანიის ოკუპაციის თაობაზე მომზადებული დოკუმენტური კადრებიც ნახა. მეორე მსოფლიო ომის შედეგად ვარშავა მთლიანად განადგურდა და მისი ხელახლა მშენებლობა პოლონელ ხალხს თავიდან მოუწია. დავით უსუფაშვილმა მუზეუმის სამახსოვრო წიგნში სპეციალური ჩანაწერიც გააკეთა.
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ მუზეუმში დაცულია მრავალი დოკუმენტური მასალა, რომელიც მოწმობს ქართველების გმირობას პოლონელების მხარდამხარ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით საამაყოა, რომ მუზეუმში აღმართულია მონუმენტი, რომელიც უკვდავმყოფს იმ ქართველების ხსოვნას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს პოლონელი ხალხის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სხვა ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ვინაიდან თავისუფლებამ არ იცის ეროვნება და ქვეყნები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 19:09
 
modules