დავით უსუფაშვილის შეხვედრა სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედმუნდ ვიტბროდთან
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2013 19:11

პოლონეთის რესპუბლიკაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის მესამე დღეს პოლონეთის სენატსა და სეიმში შეხვედრები კვლავაც გაგრძელდა.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ედმუნდ ვიტბროდთან შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
„ჩვენ ჩამოვედით იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და გავაგრძელოთ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა. ჩვენ გვინდა პოლონეთის დახმარება იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომლებიც არც თუ ისე ენთუზიაზმით უდგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ედმუნდ ვიტბროდმა თავის მხრივ კმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარის პოლონეთში ვიზიტის გამო და აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის მოხარულია ურთიერთობა იქონიოს ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც ევროკავშირისკენ სწრაფვა აქვთ. „ჩვენ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწია, რათა ევროკავშირის და ნატოს წევრები გავმხდარიყავით. მზად ვართ გაგიზიაროთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება და გავაგრძელოთ ის მხარდაჭერა, რომელსაც პოლონეთი საქართველოს მიმართ გამოხატავს საერთაშორისო ფორუმებსა და შეხვედრების დროს“, - აღნიშნა პოლონელმა დეპუტატმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა და პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის თაობაზე ისაუბრა.
„საგარეო პოლიტიკური მიმართულების კუთხით შევთანხმდით, რომ ჩვენი პოლონელი კოლეგები გამოძებნიან საშუალებებს, რათა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ ისეთ შეხვედრებზე, რომლებიც მხოლოდ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის იმართება. ეს არ არის ის ფორმატი, რომელშიც როგორც წესი არაევროკავშირის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ, მაგრამ ჩვენ გამოვძებნეთ რამოდენიმე შესაძლო მიმართულება და მივიღეთ მხარდაჭერის დაპირება და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. ეს გააადვილებს ჩვენი პარლამენტების კომიტეტების და წევრების კიდევ უფრო მეტად ადაპტირებას ევროპული ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების სისტემაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 11:40
 
modules