|
საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ |
|
Wednesday, 10 April 2013 21:12 |
|
საპარლამენტო უმცირესობისა და ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წარმომადგენლებმა თბილისის იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან: მაიკლ ასტრუპ იენსენთან და ბორის სილევიჩთან შეხვედრები გამართეს. 
საპარლამენტო უმცირესობის წევრების: დავით ბაქრაძისა და გიორგი კანდელაკის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა სტუმრებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროსაბჭოს მომხესენებლებს საქართველოს თაობაზე სრული და ამომწურავი ინფორმაცია გააჩნიათ და ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემდეგ ფორმულირდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო პოზიცია მის რეზოლუციებში.
"ამიტომ ჩვენი მზადყოფნა ყოველთვის არის, რომ შევხვდეთ ამ ადამიანებს და მივაწოდოთ მათ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანში მიმდინარე პროცესებზე, როგორც პოზიტივზე, ისე ნეგატივზე. გვქონდა ძალიან კარგი, გულახდილი დისკუსია და ვფიქრობ, რომ ამ დისკუსიას ჩვენ გავაგრძლებთ რამდენიმე დღეში სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება. იმედი მაქვს, რომ ეს ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წარმომადგენლები: კახაბერ ოქრიაშვილი, სერგო ხაბულიანი და ენზელ მკოიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს პარლამენტში ფრაქციის საქმიანობისა და როლის შესახებ ესაუბრნენ. მათ სტუმრებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან, "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან და ზოგადად, პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით. |
|
Last Updated on Thursday, 11 April 2013 13:56 |