საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეუთო-ს ოფისში გამართა
Wednesday, 10 April 2013 21:44

პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეუთო-ს ოფისში გამართა.

დავით უსუფაშვილის იანეშ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების პოლიტიკური მიმართულებების განხილვაზე გამახვილდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით ეუთოს და ODIHR-ის მისიების მუშაობა მეტად მნიშვნელოვანია და ამიტომ ახალი ხელისუფლება აპირებს ამ საკითხის ხელახლა გადახედვას და მის დღის წესრიგში დაყენებას. მისივე მოსაზრებით, საქართველოსთვის საინტერესოა აღნიშნული ოფისის ექსპერტების მოსაზრებები, რათა წინა ხელისუფლების მსგავსად არ მოხდეს შეცდომების დაშვება.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ თქვენი დახმარების გაგრძელებით და არ გვინდა ევროპის მეგობარმა ქვეყნებმა გაიმეორონ 2004 წელს დაშვებული შეცდომები, როცა ჩათვალეს რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ახლებურად დაიწყებოდა ქვეყნის მართვა. შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო, ხოლო მომდევნო წელს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და თქვენი დამკვირვებლების მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

Last Updated on Thursday, 11 April 2013 11:22
 
modules