სხდომის ოქმი #18

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N18

                19 მარტი, 2013. 12 სთ.                     

         საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N5                 

     სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,  ჩაფიძე ელისო,    ჭკუასელი თეიმურაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, საყვარელიძე ფრიდონი ,  რატიანი სერგო,  ლონდარიძე ტარიელი,  ბუკია გიგა, ჭავჭანიძე დავითი (ვაშაძე გიორგი - უფლებამონაცვლე) , აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.                                              

დღის წესრიგი

             1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი, 2013 წლის 18 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განხილვა.

           (დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე)

 

        2.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა.

          (ვეფხია გრიგალაშვილი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი) 

         3.  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით.  დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი)                                                                                                                                       

         4.  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინციატივის:  „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მეორე მოსმენით. 
(ალექსანდრე ქანთარია -კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

 1. მოისმინეს  „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის“ შესახებ შეთანხმების პროექტის გაფორმება.

კომიტეტმა გადაწყვიტა: ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ შეათანხმებას და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2. განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.  პროექტი წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან დოლიძემ. აღინიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მასშტაბით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა წლის განმავლობაში მიმდინარეობს ორ ეტაპად (საგაზაფხულო და საშემოდგომო). ამასთან, სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და მისი დასრულების დრო არ ემთხვევა ერთმანეთს და 15 თვიანი ვადის შემთხვევაში ვერ ხერხდება წლის ერთსა და იმავე დროს წვევამდელთა როტაცია, რაც ნაკლებად ეფექტიანს ხდის აღნიშნული პროცესის დაგეგმვასა და მართვას. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე-20 წლის ასაკამდე. ამასთანავე, გაწვევის გადავადების საფუძველია საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დასრულებამდე.

კანონის მოქმედი ნორმებით არ არის დარეგულირებული წვევამდელის სამხედრო სამსახურში გადავადების საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ი. კიღურაძემ, ს. რატიანმა, ტ. ლონდარიძემ.

კომიტეტმა გადაწყვიტა: მხარი დაეჭირა წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. მოისმინეს ბატონ დავით ლომინაშვილის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დავით ლომინაშვილის ინფორმაციით, სამინისტრო უახლეს პერიოდში პარლამენტის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი მმართველობითი მოდელის დანერგვას გულისხმობს. შესაბამისად, სანამ მოხდება ახალი მოდელის დამკვიდრება, სკოლების სამეურვეო საბჭოებს საკუთარი უფლებამოსილების ვადა 4 თვით გაუხანგრძლივდებათ.

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: ი. კიღურაძემ, ს. რატიანმა, ე. ჩაფიძემ. დავით ლომინაშვილმა აღნიშნა, რომ განათლები და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს მომავალში პარლამენტში წარმოადგენს სკოლების მართვის ახალ მოდელს.

კომიტეტმა გადაწყვიტა: ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით.

4.მოისმინეს  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ქანთარიას მოხსენება  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინციატივის:  „პროფესიული თეატრების შესახებ“ . პროექტით, სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება ყველა სახელმწიფო და მუნიციპალურ თეატრს, ხოლო მმართველის ფუნქციების ოპტიმიზაცია განხორციელდება სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის უფლება-მოვალეობათა გამიჯვნით. თეატრის მართვას განახორციელებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც იქნება თეატრის საერთო ხელმძღვანელი და ძირითადი პასუხისმგებლობა დაეკისრება შემოქმედებით საქმიანობაზე, ხოლო დირექტორი იქნება ძირითადი პასუხისმგებელი ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობაზე. ასევე იცვლება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის წესიც. მინისტრი სამხატვრო ხელმძღვანელს ნიშნავს თეატრალური სეზონის ვადით. იგი შერჩეული იქნება სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატთაგან. სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შეთავაზების უფლება ეძლევათ თეატრალურ დასებს, შემოქმედებით საზოგადოებას და ორგანიზაციებს. დირექტორს თანამდებობაზე წარადგენს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა: მიხეილ მახარაძემ, ტარიელ ლონდარიძემ, თეიმურაზ ჭკუასელმა, ზაზა პაპუაშვილმა, სერგო რატიანმა. იქნა დასმული შეკითხვები მუნიციპალური თეატრების  შესახებ, ალექსანდრე ქანთარიას განმარტებით მუნიციპალურ თეატრებს შესაძლებლობა მიეცემათ წარმოადგინონ პროექტები და მათ სახელმწიფოსგან ექნებათ შესაბამისი მხარდაჭერა და დახმარება. ასევე კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, კანონპროექტში კულტურის სამინისტროსგან წარმოდგენილი შენიშვნებიც აისახა.

 

კომიტეტმა გადაწყვიტა:

ერთხმად დაეჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით.

    

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                 ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია

 

 

 

 

 

 
modules