ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართეს
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 15:05

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა, მაიკლ ასტრუპ იენსენმა და ბორის სილევიჩმა თბილისის იუსტიციის სახლში საქართველოს პარლამენტის წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების შეხვედრის მთავარი თემები იყო: სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმა და სასამართლოებში ხარვეზების დამდგენი კომისიის თაობაზე კანონპროექტის შემუშავების პროცესი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს აინტერესებდათ, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული ვენეციის კომისიის ერთი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე, ერთბაშად არ შეწყვეტის შესაძლებლობას ითვალისწინებდა.

"პასუხი ამ შეკითხვაზე იყო მარტივი - ეს წევრები არჩეული არიან არადემოკრატიული წესით და ეს თავად ვენეციის კომისიას აქვს აღნიშნული. ჩვენ შემოგვაქვს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის მართლაც დემოკრატიული სისტემა და ესეც აღნიშნული აქვს ვენეციის კომისიას. მაშინ, რატომ უნდა მოითმინოს საზოგადოებამ, რომ ორი-სამი წელი ასეთი წესით არჩეული ადამიანების ხელში იყოს მოსამართლეთა ბედი. ჩვენ, იუსტიციის საბჭოს ამჟამინდენლ წევრებს არჩევის ახალი წესით საშუალებას მივცემთ ამ თანამდებობებზე ხელახლა იყარონ კენჭი“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან, მანანა კობახიძესთან და კომისიის წევრთან, ზაქარია ქუცნაშვილთან შეხვედრაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს კომისიის მუშაობის სპეციფიკაზე, საჯარო განხილვების პროცედურებზე, საპარლამენტო უმცირესობის მიერ ამ კომისიის დატოვების ფაქტზე, დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმაზე, საკრებულოებში არსებულ ვითარებაზე და შუალედურ არჩევნებზე.

"ჩვენ ვისაუბრეთ ასევე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის პერსპექტივაზე და იმ სირთულეებზე, რაც გამოწვეულია პარლამეტისა და მთავრობის ერთმანეთისგან ასეთ დისტანციაზე ფუნქციონირებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ესაუბრა საპარლამენტო კომიტეტში შესული მოქალაქეების საჩივრების შესახებ და მათ სპეციფიკაზე. საუბრის დიდი ნაწილი კანონიერ ძალაში შესულ განაჩენთა გადახედვის ახალი სამართლებრივი მექანიზმის შექმნას დაეთმო.

"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე მუშაობის პროცესში ვენეციის კომისიის მონაწილეობის შესახებ, რაც საყურადღებოა და განხილვას საჭიროებს. ვისაუბრეთ კომისიის დაკომპლექტების მექანიზმებზეც. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემები ასევე იყო: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები და სასამართლო რეფორმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღესვე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები მაიკლ ასტრუპ იენსენი და ბორის სილევიჩი თბილისის იუსტიციის სახლში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: თინათინ ხიდაშელს, ირაკლი ჩიქოვანს, გიორგი ვოლსკის, ანი მიროტაძეს, გია ჟორჟოლიანს და გიორგი გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.

მხარეებს შორის საუბარი გაიმართა საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე 1999 წელს აღებულ ვალდებულებებზე და ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლების გეგმებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმაზე.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 19:18
 
modules