საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 16:39

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისის იუსტიციის სახლში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მაიკლ ასტრუპ იენსენს და ბორის სილევიჩს შეხვდა.

საუბარი შეეხო დემოკრატიის მიმართულებით საკითხების ფართო სპექტრს. მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა წარმატებულ ნაბიჯებად შეაფასეს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ დეკლარაცია. მხარეებმა ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრეს.

როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მონიტორებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა საერთო სასამართლოების შესახებ კანონს ვეტო დაადოს. ,,მათ ჰქონდათ შეკითხვა - გავითვალსწინებთ თუ არა პრეზიდენტის ვეტოს. ჩემი პასუხი იყო, რომ ჯერ არ ვიცით რას გვთავაზობს პრეზიდენტი. ჩვენ მარტო იმის გამო, რომ პრეზიდენტის მიერ იქნება შემოთავაზებული რაიმე წინადადება,  უარს არ ვიტყვით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითონ კანონპროექტთან დაკავშირებით მონიტორებს იმის განცდა არ აქვთ, რომ ის რაიმე ფორმით და შინაარსობრივი თვალსაზრისით ვენეციის კომისიის დასკვნებს არ შეესაბამება.

,,რა თქმა უნდა, ისინი უფრო მოხარული იქნებოდნენ, რომ გადაწყვეტილება ამ თემაზე კონსენსუსით ყოფილიყო მიღწეული, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს არ უნდა ვენეციის კომისიის დასკვნების გაზიარება, ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმეს ტყვეობაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის იგეგმება პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომ პარლამენტი მზად არის უმასპინძლოს პრეზიდენტს მისთვის სასურველ დროს. ,,სამი კვირის წინ, როგორც კი ხელმოწერილი იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები, მე პირადად პარლამენტის ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება, რომ იმ წუთიდან მოხნილი იყო ყოველგვარი კითხვა თუ ბარიერი პრეზიდენტის პარლამეტში მოსვლასთან დაკავშირებით. მივმართე, რომ დაგვკავშირებოდნენ კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად. დღემდე ასეთი შემოხმიანება პრეზიდენტისგან ან მისი ადმინისტრაციისგან არ ყოფილა. მე მზად ვარ ვუმასპინძლო პრეზიდენტს ქუთაიში, როგორც კი მისთვის სასურველი დრო გამოიძებნება. პარლამენტი მზად არის შეხვდეს და მოუსმინოს პრეზიდენტს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 11 აპრილი 2013 17:10
 
modules