ვიქტორ დოლიძისა და თედო ჯაფარიძის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში
Monday, 15 April 2013 15:04

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.
ევროპის პარლამენტში პირველ სამუშაო დღეს შეხვედრები გაიმართა ევროპის სახალხო პარტიის, კონსერვატორ რეფორმისტთა და ლიბერალ-დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან.
ქართველი პოლიტიკოსები ასევე შეხვდნენ ევროკავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა კაბინეტს.
შეხვედრებისას ევროპელი კოლეგების მთავარი ინტერესის საგანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება,საგარეო და საშინაო პოლიტიკა იყო.
ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა საქართველოს პროგრესს ევროპულ ინსტიტუტებში გაწევრიანების გზაზე, საკონსტიტუციო რეფორმებს, საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან და სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებთან და სასამართლო, თავდაცვის სისტემის რეფორმირებას.
ვიქტორ დოლიძისა და თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკისათვის 1 ოქტომბრის არჩევნები,სადაც ერთმა მთავრობამ მეორე მთავრობა მშვიდობიანად ჩაანაცვლა დიდი მონაპოვარია, როგორც პირველი ევროპულად ჩატარებული არჩევნები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა კონსტრუქციულად და პროდუქტიულად ცდილობს თანამშრომლობას, ამაში დიდი წვლილი მმართველ გუნდს მიუძღვის, ამის ნათელი მაგალითი ახლახანს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებია, საგარეო პოლიტიკური კურსის რეზოლუცია და სასამართლო რეფორმაზე მიმდინარე მოლაპარაკებები. 
თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ერთგული რჩება იმ პოლიტიკური კურსის, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დააახლოებს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, თუმცა ეს ევროპული კურსის გადახვევას არ გულისხმობს, საქართველოს სხვა ალტერნატივა ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გარდა არ სურს და არ გააჩნია.
ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს დიდი მოლოდინი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს, რადგან ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი ხელმოწერა საქართველოს თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, რაც თავისთავად ევროკავშირთან დაახლოებას ნიშნავს.

სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე არაფორმალურ ვითარებაში ევროკომისარს, შტეფან ფულეს შეხვდნენ. მხარეებმა მოკლედ განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.

Last Updated on Tuesday, 16 April 2013 18:19
 
modules