საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა
ორშაბათი, 15 აპრილი 2013 18:17

მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. 

დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხის განხილვა მომხსენებლების მივლინებაში ყოფნის გამო მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო. მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტთა პაკეტი, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, ასევე რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის საკითხი.
ბიურომ განიხილა რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის დაჩქარებული წესით განხილვაც მოითხოვა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ბიუროს 2013 წლის მარტში გაწეული მუშაობის ანგარიშები წარუდგინეს. ბიურომ ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 15 აპრილი 2013 19:51
 
modules