საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში პირველი შეხვედრები გამართა
სამშაბათი, 16 აპრილი 2013 21:18

დავით უსუფაშილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვია. პირველი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან მიროსლავა ნემცოვასთან გაიმართა. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც საპარლამენტთაშორისო ასევე სამთავრობო დონეზე. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არჩევნების შედეგებით ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას, რაც უაღრესად პოზიტიურადაა შეფასებული ჩეხი კოლეგის მიერ. ასევე ისაუბრეს არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ დემოკრატიულ პროცესებზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც გულისხმობს მისწრაფებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სრუქტურებში საბოლოო გაწევრიანებისკენ.

თავის მხრივ, მიროსლავა ნემცოვამ, ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი მხარდაჭერა აღნიშნული მიმართულებით.
დავით უსუფაშვილმა ისაუბრა ახალი ხელისუფლების ახალ პოლიტიკურ კურსზე რუსეთთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა არის რეალური და პრაგმატული და გულისხმობს ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებების განვითარებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიკვეთოს ე.წ. წითელი ხაზები, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრაზე აღინიშნა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობა. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მუდმივად ადასტურებს თავის მხარდამჭერ პოზიციას და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დემოკრატიული პროცესების სწორად წარმართვის პროცესში მედიის თავისუფლების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ თასუფალი და ობიექტური მედია გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც დემოკრატიის ხარისხს მაღლა წევს. ისაუბრეს ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მიროსლავა ნემცოვა საქართველოში მოიწვია.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:16
 
modules