საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
სამშაბათი, 16 აპრილი 2013 20:39

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, საპარლამენტო უმრავლესობაში საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მოსმენა და 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა შედგა. სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ვითარება გამოსწორებულია, არის დადებითი ტენდენცია, მაგრამ რჩება პრობლემატური სფეროები. 

სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც 700-ზე მეტი გვერდისგან შემდგარ დოკუმენტს წარმოადგენს, პარლამენტში მარტის ბოლოს შემოვიდა. ანგარიშის დიდი ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი დაკავების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს ეთმობა. სახალხო დამცველმა ისაუბრა ანგარიშში ასახულ, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და სხვადასხვა ხასიათის დარღვევებზე. აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა დახურული ტიპის დაწესებულებებზე. მისი რეკომენდაციით, საჭიროა, რომ მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, რომ აუცილებელია "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებების შეტანა პატიმართა მდგომარეობისა და პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. გარდა ამისა, სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს, რომ საკანონმდებლო დონეზე განიხილოს 90-დღიანი წინასწარი დაკავების ვადის შემცირების საკითხი და შესაბამისი კანონი ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვოს.
სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც ლაფანყურის ოპერაციას ეხება და აღნიშნა, რომ მათ მიერ მოპოვებულია მტკიცებულებები, რომელსაც შეუძლია გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს. მან აღნიშნულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც წამოჭრა. „ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ჩეჩენ მებრძოლებზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, მართვის მოწმობის და შსს-ს მიერ რეგისტრირებული სხვა დოკუმენტების გაცემა. ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში, მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს ჩეჩნური თემის არაერთი ლიდერი, უცხოეთში მცხოვრები ჩეჩნები, რომელთაც ამ სპეცოპერაციასთან კავშირი ჰქონდათ, რაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისათვის“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, გამოსაძიებელია სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტები. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა 2012 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს. სახალხო დამცველმა ყურადღება საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტენდენციაზეც გაამახვილა. სახალხო დამცველმა ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო სამართლიანი სასამართლოს უფლების, შეკრება-მანიფესტაციის დროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს. დოკუმენტის თანახმად, არაერთხელ დაირღვა ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება. ანგარიშში დეტალურადაა განხილული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ფართო სპექტრი: საკუთრების უფლება, სათანადო საცხოვრისის უფლება, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, შრომის უფლება საჯარო სამსახურში, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა უფლებები და ასე შემდეგ. სახალხო დამცველი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეითაც გამოვიდა. უჩა ნანუაშვილმა ამომწურავად უპასუხა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს და რეკომენდაციებზეც მიუთითა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა სახალხო დამცველს პარლამენტართა სახელით თანამშრომლობა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც სახალხო დამცველმა წამოჭრა, პარლამენტის მხრიდანაც მოითხოვს დამატებით მუშაობას, რათა ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. როგორც დასასრულს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება - ან უარყოს და ეს შესაბამისად დაასაბუთოს, ან დაეთანხმოს და სათანადო გადაწყვეტილებაც მიიღოს, რათა საბოლოოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ დარჩეს „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, პარლამენტი ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებს.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:13
 
modules