გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 11:46

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილეს პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილების თანახმად, თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიებზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისა და პირველადი გადამუშავების მიზნით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში - აჭარის სატყეო სააგენტო.

რაც შეეხება მერქნული რესურსის ადგილწარმოშობის ცნობას, იგი გაიცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისი ნორმის მიხედვით. საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:04
 
modules