| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილე, რუსლან პოღოსიანი ეუთოს დელეგაციის წევრებს - კაუპო კანდსა და უინსენტ დე გრააფს შეხვდნენ |
| ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 14:02 |
|
ეროვნულ უმცირესობებსა და მათ უფლებებზე სასაუბროდ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილე რუსლან პოღოსიანი ეუთოს დელეგაციის წევრებს - კაუპო კანდსა და უინსენტ დე გრააფს შეხვდნენ. კაუპო კანდის განმარტებით, ისინი საქართველოში ეროვნული უმცირესობის საკითხთან დაკავშირებით მუშაობას როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან იწყებენ. „ ჩვენი მიზანია, ვიმუშაოთ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია იმ სამართლებრივ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით აქვს აღებული. ჩვენ არ მივუთითებთ პარტიებს რა უნდა გააკეთონ, ჩვენ მათ მხოლოდ ინფორმაციებსა და რეკომენდაციებს მივაწვდით. იმედი გვაქვს საქართველოში შემდგომი საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიების პოლიტიკურ პლატფორმებში აღნიშნული საკითხი უფრო ნათლად იქნება ასახული და პარტიულ სიებში ეროვნული უმცირესობების უფრო მეტი წარმომადგენელი იქნება ჩართული“, - განაცხადა კაუპო კანდმა. შეხვედრაზე ეროვნული და რეგიონული უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის შესახებ ისაუბრეს. დელეგაციის წარმომადგენლის, უინსენტ დე გრააფის თქმით, ქარტია არის მილევადი ენების დაცვის კულტურული ინსტრუმენტი და არა ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მექანიზმი. „ ქარტია გულისხმობს როგორც ოფიციალური ენის, ასევე ეროვნული უმცირესობების ენის დაცვას, მასში არ არის მითითებული დიალექტის დაცვის საკითხი, რადგან თითოეულმა სახელმწიფომ თვითონ უნდა განსაზღვროს, რა არის ენა და რა არის დიალექტი“, -განაცხადა დე გრააფმა. მისივე თქმით, საქართველოში კვლავაც სადავოა, სვანურის და მეგრულის საკითხი და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, ისინი ენას მიეკუთვნებიან თუ დიალექტს. „ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, დაიცავს თუ არა მათ ამ ქარტიის ფარგლებში“,- აღნიშნა დე გრააფმა. ეკა ბესელიას განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მზად არის აქტიურად ჩაერთოს ეუთოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომლებიც ეროვნული და რეგიონული უმცირესობების საკითხებს უკავშირდება. „ ჩვენ გვესმის ეროვნული და რეგიონული უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის უდიდესი მნიშვნელობა, თუმცა იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ძნელია ამაზე საუბარი, რადგან საზოგადოება განსაკუთრებულად სენსიტიურია მსგავსი საკითხების მიმართ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ასეთ დროს საჭიროა საზოგადოების სწორი ინფორმირება. „ ჩვენ მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე . მთავრობის დადგენილებით შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე იმუშავებს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:02 |






