ვიქტორ დოლიძე ევრონესტის ბიუროს სხდომას დაესწრო
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 19:50

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში ბიუროს სხდომას დაესწრო. ბიუროს მსვლელობისას ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოიჭრა იდეა, რომ 28-29 მაისის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას დაესწრონ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული პლატფორმების წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს ხელისუფლება ღიაა ამ ფორმატში საკითხების განსახილველად და მხოლოდ მიესალმება ტრანსპარენტულობას.
მაისის პლენარულ სხდომაზე მიწვეული სტუმრების რანგში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის საკითხს მხარეები მომავალ კვირას დაუბრუნდებიან.
ამასთან მან მხარი დაუჭირა ინიციატივას, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ ვილნიუსის სამიტისადმი მიმართვის გაგზავნას, რომელიც დაეფუძნება უკვე მიღებულ რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან: 60 წევრი ევროპარლამენტიდან და 10 დეპუტატისაგან თითოეული 6 ქვეყნის პარლამენტებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა. (ბელორუსის საკითხი ჯერჯერობით ღიაა - ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით 2010 წლის არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა შეაფერხეს.) ეს ინსტიტუტი არის ფორუმი საპარლამენტო დიალოგისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა შორის კავშირები და მრავალი სხვა. ევრონესტი წელიწადში ერთ პლენარულ სხდომას ატარებს. ხოლო მისი 4 კომიტეტი ორ-ორ სხდომას. რეგულარულად იმართება ასამბლეის ბიუროს სხდომები.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 19:58
 
modules