|

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარული ხარჯებიდან წლების განმავლობაში ფინანსდებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების საზღვარგარეთული ვოიაჟები და ძვირფასი საჩუქრები, ამის შესახებ განცხადება დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ირინე იმერლიშვილმა გააკეთა. მან ნათქვამის დამადასტურებელი სქელტანიანი დოკუმენტები წარმოადგინა.
იმერლიშვილის განცხადებით, ეს დოკუმენტები აქამდე გასაიდუმლოებული იყო და გრიფი „საიდუმლო“ედო, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით, დეპუტატმა მთავარ პროკურატურას მიმართა რის შემდეგაც მიიღო დოკუმენტაცია. "ისტერიკა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში და შესაბამის კანონში გახორცილებულმა ცვლილებებმა გამოიწვია, განპირობებული იყო იმით, რომ როდესაც ეს სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, მასთან დაკავშირებული ხარჯები და დოკუმენტაცია გასაიდუმლოებული იყო და ედო გრიფი "საიდუმლო". მას შემდეგ, რაც სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, გრიფი მოეხსნა, მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ გადმოეცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია. პასუხი და მიღებული მასალები შოკისმომგვრელია. დოკუმენტაციის მიხედვით, არამიზნობრივად დაიხარჯა მილიონობით ლარი. კერძოდ, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრებისა თუ სტუმრების საზღვარგარეთულ ვიოაჟებსა და ძვირფას საჩუქრებზე მილიონობით ლარი იხარჯებოდა. გარდა ამისა, ფარული ხარჯებით, რომელიც გათვალისწინებული იყო დასაცავი პირებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, ფინანსდებოდა პრეზიდენტის ოჯახის წევრების და მეგობრების დასვენება, სწავლა, ფინასდებოდა პირადი ეპანელი მზარეულისა და მისი თარჯიმანის ხარჯები. აღნიშნული სამსახურისთვის გამოყოფილი ხარჯებით სარგებლობდა ზოგიერთი ჩვენი ყოფილი და ამჟამინდელი ოპოზიციონერი კოლეგაც. პრეზიდენტი, მისი მეგობრები და რამდენიმე დეპუტატი, რომელთა სახელი და გვარის ნახვა შესაძლებელია ამ დოკუმენტაციით, 2013 წელს შეხვდნენ დუბაიში, სადაც მათი მოლხენისა და გართობისთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის გამოყოფილი ხარჯებიდან 240 ათას ლარამდე გაიცა. სამსახურის ხარჯებიდან ფინანსდებოდა ძვირადღირებული საჩუქრები, მაგალითად, მობილური ტელეფონი და ძვირფასი სამაჯური ჩვენი კოლეგა ქალბატონისთვის, ოქროს ნაკეთობები მომღერალ ივანა მელაისა და ჟურნალისტ სოკოლოვასათვის. პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის ხელფასი, მისი თარჯიმანი და საცხოვრებლით უზრუნველუყოფა დაცვის სამსახურის ხარჯებიდან ყოველთვიურად 25 ათას ლარს შეადგენდა და ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა ქართველ ხალხს ამ მზარეულის შენახვა. 2010 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი წავიდნენ ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე, ჩაიტარეს პროცედურები გახდომისთვის, რაც ასევე ფარული ხარჯებიდან დაფინანსდა და თანხამ 115 ათას ლარს მიაღწია. სპეციალური დაცვის სამსახურის უცნაურ შესყიდვებსაც აწარმოებდა, მაგალითად, როგორიც არის 42 თურქული ცხვარი 7 950 ლარად, რომელიც შემდგომ დარიგდა მოქალაქეებზე" - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. დღევანდელ სხდომაზე განცხადებები სხვა დეპუტატებმაც გააკეთეს, უმცირესობის წევრი დეპუტატები ძირითადად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თაობაზე საუბრობდნენ, რაც მათი აზრით გაუმართლებელი ქმედებაა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამ საკითხზე გააკეთა განცხადება უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ხაჩიძემაც, რომელსაც მიაჩნია, რომ გამოძიების დაწყებას წმინდა პოლიტიკური მიზანი აქვს. მან უნდა დაადგინოს, რომ ამ ომის დაწყებაში პრეზიდენტი სააკაშვილია დამნაშავე და საქართველომ დაიწყო ომი. „ოკუპაციის კანონს ვუტევთ! აღლუმს არ ვატარებთ! მეტი რიღათი უნდა მოვაწონოთ რუსეთს თავი? საქართველოს ერთადერთი რამ დარჩა - კავკასიონის ქედზე აღმართოს რუსეთისკენ მიმართული დროშა წარწერით "მიყვარხარ" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ. დეპუტატმა ასევე მოითხოვა, რომ გამოძიებამ დაკითხოს პირადად ისიც, როგორც ომის - საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, ასევე ეკოციდის მონაწილე, რომელიც რუსეთმა ბორჯომის ხეობაში განახორციელა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ უერთდება „ნაციონალების“ მოთხოვნას შეწყდეს გამოძიება ქვეყნის შიგნით და ამოქმედდეს რომის სტატუტი, რომლის შესაბამისადაც გამოძიებას ჩაატარებს ჰააგის ტრიბუნალი. მან საპარლამენტო უმცირესობა ასევე გააფრთხილა, რომ 19 აპრილის აქციით ვერავის შეაშინებენ. განცხადებებით გამოსვლის მსურველთა სიმრავლის გამო დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტების განხილვა მოგვიანებით დაიწყო. საქართველოს მთავრობის ინიციატივა, კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენით, სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ წარადგინა. კანონპროექტთა პაკეტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შეთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ასევე განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სასამართლოსათვის მიმართვა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (II მოსმენა) ითვალისწინებს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. ამ კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით საქართველოს მთავრობა მხარს არ უჭერს კანონპროექტს. გამართული კენჭისყრის დროს არც პარლამენტმა დაუჭირა მხარი ალტერნატიულ წინადადებას. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც I მოსმენით განიხილა პარლამენტმა, ითვალისწინებს, რომ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნაცვლად, გასცემს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ გაცემული საქონლის ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. I მოსმენით განიხილა პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ინიციატივა, კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა. კანონპროექტით ცვლილება შედის იმ მუხლებში, რომლებიც ეხება ალბათობის მაღალი ხარისხის განმარტებას, განმეორებით დაკავების, ბრალის წარდგენისა და მსჯავრდების აკრძალვას, დაუშვებელ და ირიბ მტკიცებულებებს, დაცვის მხარის უფლებებს, ასევე ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს. საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი დეპუტატებმა დღეს I მოსმენით განიხილეს. წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ზედამხედველობის ორგანო – რეგენტთა საბჭო. საბჭოს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დანიშვნა–გათავისუფლებასთან და ბიუჯეტთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა დაწესებულების მიერ შექმნილ კოლეგიურ ორგანოს, შესყიდვებთან დაკავშრებული ფუნქციები – განათლებისა და მეცნიერების, ხოლო ქონების განკარგვასთან დაკავშრებული ფუნქციები – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ინიციატორმა მასთან ერთად წარმოადგინა თანმდევი კანონპროექტები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ხანგრძლივი დებატები გამოიწვია პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილმა კანონპროექტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ სარჩელსა ან კონსტიტუციურ წარდგინებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს მისი მიღებიდან 31-ე კალენდარულ დღეს. კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით იყო წარმოდგენილი. ინიციატორის მოთხოვნით კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დღის ბოლოს პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტებს. |