|

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე კომიტეტის შემადგენლობიდან ნაციონალური მოძრაობის 4 წევრი არ ესწრებოდა, რომლებმაც 19 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო საპარლამენტო საქმიანობაზე ორი დღით უარი განაცხადეს. „ჩვენ გვსურდა სახალხო დამცველის ანგარიში ღია სხდომაზე ოპოზიციასთან ერთად განგვეხილა. დღეს სახალხო დამცველის ანგარიშის ნაწილს მოვისმენთ, ხოლო მეორე ნაწილზე თვის ბოლოს, შემაჯამებელ სხდომაზე, უმცირესობასთან ერთად ვიმსჯელებთ “,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
სახალხო დამცველის შეფასებით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში დადებითი ტენდენციაა, მაგრამ რჩება რიგი პრობლემატური სფეროები. მისივე თქმით, 2012 წლის დასაწყისში პატიმართა რაოდენობის მხრივ საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო. როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, მდგომარეობა ამ მხრივ პარლამენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებისა და ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და პატიმართა რაოდენობა 10 000-მდე შემცირდა. მისი თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში გარდაცვლილია 700-ზე მეტი პატიმარი, ხოლო 2012 წლის განმავლობაში - 67. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმართა წამების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საყურადღებოა, რომ პატიმართა გარდაცვალების მიზეზებს შორის სახელდება ის უკურნებელი დაავადებები, რომლის შემთხვევაშიც პატიმრები გათავისუფლებას ექვემდებარებოდნენ. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი დანაშაულის ნიშნების არსებობაზე მიანიშნებს და დეტალურად გამოსაკვლევია . სახალხო დამცველის ანგარიშის დიდი ნაწილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი დაკავების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებსა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს ეთმობა. უჩა ნანუაშვილმა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დარღვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა დახურული ტიპის დაწესებულებებზე. ნანუაშვილმა დახურულ დაწესებულებებში მონიტორინგის ალტერნატიული მექანიზმების და ალტერნატიული ჯგუფის შექმნის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დაგეგმილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სახალხო დამცველის ოფისთან არსებული მონიტორინგის ჯგუფის გაფართოება. „ საჭიროა პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერება. ამ მიზნით, 35 ექსპერტს სპეციალური კომისია შეარჩევს. ექსპერტები დახურული დაწესებულებების სისტემურ, გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგს განახორციელებენ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება უკვე დაწყებულია, ასევე მიმდინარეობს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება. ბესელიას განმარტებით, პარლამენტმა უკვე გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმე რეკომენდაცია. აღნიშნულ ეტაპზე, დეპუტატები პატიმართა მდგომარეობისა და პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, დაწყებულია მუშაობა „ პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, რომლის ინიციატორი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროა. სახალხო დამცველის თქმით, შემაჯამებელ სხდომაზე, რომელსაც უმცირესობის წევრებიც დაესწრებიან, ის ყურადღებას გაამახვილებს ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელიც ლაფანყურის ოპერაციას ეხება. მისივე განმარტებით, მოპოვებულია მტკიცებულებები, რომელსაც შეუძლია გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს. მისივე თქმით, გამოსაძიებელია სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტები. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა 2012 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს. სახალხო დამცველმა ყურადღება საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტენდენციაზეც გაამახვილა. სახალხო დამცველმა ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო სამართლიანი სასამართლოს უფლების, შეკრება-მანიფესტაციის დროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს. დოკუმენტის თანახმად, არაერთხელ დაირღვა ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება. ნანუაშვილის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველის ანგარიშის მეორე ნაწილს აპრილის ბოლოს მოისმენენ. ეკა ბესელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია არა მარტო ანგარიშის მოსმენა, არამედ მასზე რეაგირებაც. „საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ ჩვენ დადგენილების პროექტში ავსახავთ სახალხო დამცველის ყველა რეკომენდაციას, რომელსაც პარლამენტის სხდომაზე განსახილველად გავიტანთ“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|