|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს სხდომა |
|
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 17:32 |
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვის, ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლისა და ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარების თაობაზე საუბრობდნენ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. 
საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და სტრატეგიები 2030 წლამდე საქართველოს ინოვაციური განვითარების შესახებ. ისაუბრეს ინოვაციური განვითარების ტენდენციებზე მსოფლიოში და შესაბამის სიტუაციაზე საქართველოში, ასევე საქართველოში საგამომგონებლო საქმიანობის გამოწვევებზე და საშუალო ზომის კომპანიების მაგალითზე განიხილეს ინოვაციების დანერგვის პერსპექტივა.
საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თემურ მაისურაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს საჭიროა სამეცნიერო ტექნოლოგიების პოტენციალის პრაქტიკული ქამოყენება, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, რაც საინოვაციო საბჭოსა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ერთობლივი საქმიანობის მიზანს წარმოადგენს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით ასეთი შეხვედრების მიზანია სტრატეგიული ხედვის გეგმის ჩამოყალიბება, პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შეთავაზება, ინოვაციური განვითარებისთვის ხელშემწყობი დოკუმენტთა პაკეტის შექმნა და სახელმწიფოსთვის შეთავაზება, ასევე იმის განსაზღვრა თუ რა ინვესტიციებს საჭიროებს ასეთი გეგმების განვითარება სახელმწიფოსგან და რა შედეგებს მიიღებს ქვეყანა მათი განხორციელებით. პროექტების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 14:52 |