|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა |
|
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 18:18 |
|

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ახალი რედაქციით ყალიბდება „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ კანონის 17-ე მუხლის მე-4 პუნქტი და მასში მითითებული ბრძანების გამოსაცემად 2013 წლის პირველი იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2014 წლის 1 მარტი. ამ ცვლილებაზე მსჯელობდნენ დღეს პარლამენტში აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დავით შერვაშიძის განცხადებით, ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამღლების სახელმწიფო პროგრამა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაღალი მოსავლიანობისთვის, შესაბამისად „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტი უნდა შეიცავდეს წინასწარ დაგეგმილ დეტალურ ინფორმაციას შესასრულებელი სამუშაოების ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს გარკვეულ დროს და შეეხება ნიადაგების სრულყოფილ გამოკვლევებს, ეროზიის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებას, სტიქიური მოვლენებისაგან დაცვას, განმეორებით დაჭაობებას, დამლაშებას და სხვა მოცულობით სამუშაოებს. კანონით გათვალისწინებული საამუშაოების შესარულებლად სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობის მიღება ეთხოვა სხვადასხვა სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გახდა საჭირო წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება და ბრძანების გამოცემისთვის განსაზღვრული ვადის გადაწევა 2014 წლის 1 მარტამდე.
კომიტეტებმა იმსჯელეს წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე და მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას, თუმცა, როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე პარლამენტმა უნდა გამოიყენოს მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქცია და მკაცრად მოითხოვოს შესაბამისი სტრუქტურებისაგან დროულად ჩაატარონ ყველა საჭირო სამუშაო, რომ მეტი გადავადება აღარ გახდეს საჭირო. უფრო მეტიც, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს შესთავაზა შეიქმნას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტების ერთობლივი ჯგუფი, რომელიც მთავრობასთან თანამშრომლობის ფორმატში შეიმუშავებს წინადადებებს და მოძებნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების გზებს. საკითხის ამოწურვის შემდეგ, გარემოს დაცვის კომიტეტმა გააგრძელა მუშაობა და მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ითვალისწინებს კანონში არსებული რედაქციული ხარვეზის აღმოფხვრას და შესაბამისად კანონის ცალკეულ დებულებათა დაზუსტებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 11:01 |