საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 18:45

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამეტო დელეგაციის წევრები ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს ვიტკოვის ეროვნულ მემორიალს ეწვივნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩეხები თავისუფლებისთვის მებრძოლი ერია და სხვა ერებსაც ამ ბრძოლაში ეხმარებიან. დღესვე, დავით უსუფაშვილი ჩეხეთის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს, პრშემისლ სობოტკას შეხვდა.
პრაღიდან გამომგზავრებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და ჩეხეთის რეპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს ცენტრალურ ევროპაში ჩეხეთის სახით დიდი მხარდამჭერი და მეგობარი ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრებზე არაერთგზის აღინიშნა, რომ ჩეხეთი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს დაახლოებას და ინტეგრაციას მხარს უჭერს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზეც ჩეხეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება. „ძალიან სერიოზული შედეგებით და კონკრეტული გეგმებით ვბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობას საქართველოსა და ჩეხეთს შორის, საქართველოს პარლამენტისა და ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატას შორის დიდი პერსპექტივა აქვს. გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი იდეები, აღმასრულებელი სტრუქტურებიც მუშაობენ და სხვადასხვა მიმართულებით აგძელებენ კონტაქტებს. ასე, რომ ჩვენ ჩეხეთის სახით, შუაგულ ევროპაში ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ჩეხეთის რესპუბლიკას სამდღიანი ოფიცილაური ვიზიტით 16 აპრილს ეწვია. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მმართველი და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს.

 
ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 10:50
 
modules