|
პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო უმცირესობა პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა იმ მოტივით, რომ დღეს თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია იმართება და ისინიც უერთდებიან მას. როგორც პლენარული სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობამ განცხადება იმის შესახებ, რომ დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდნენ, ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააკეთა.
პარლამენტის წევრებმა პლენარული სხდომის დღის წესრიგი იმის გათვალისწინებით დაამტკიცეს, რომ განსახილველ საკითხთა ნუსხიდან პარლამენტის ბიუროს გადწყვეტილებით ამოღებულ იქნა კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მანამდე კანონპროექტის ინიციატორმა კობა დავითაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ ბიუროს მიერ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება მასთან შეუთანხმებლად მოხდა. თუმცა, საბოლოოდ, მან კოლეგების მოსაზრება გაიზიარა და აღარ მოითხოვა დღის წესრიგისათვის საკითხის დამატება. როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის განხილვის გადადების საფუძველი დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით მთავრობის თხოვნა იყო. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა შემდეგი სასესიო კვირისთვის გადაიდო. იმის გამო, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების ინიციატორები მათი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდენ, პარლამენტმა შესვენებამდე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა კანონპროექტები, კენჭიც უყარა და მეორე მოსმენით ერთხმად მიიღო. პარლამენტმა საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა და ასევე ერთხმად მიიღო კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამ კანონპროექტის თანახმად, ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირები აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა მოთავსდნენ და ადმინისტრაციას დაევალება ზომები იმისათვის მიიღოს, რომ უზრუნველყოს ამ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობა. ამის შემდეგ პარლამენტარებმა რამდენიმე სხვა საკითხიც განიხილეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ მეორე მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სისხლის სამართალწარმოებაში შეჯიბრობითობისა და სამართლიანობის პრინციპების გაუმჯობესებას ემსახურება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა - კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა. პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა კანონპროექტი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. განიხილეს ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“.
პარლამენტმა კანონპროექტების განხილვა შესვენების შემდეგაც გააგრძელა. პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, კანონპროექტის მიმართ რედაქციული შენიშვნები არ დაფიქსირებულა. რედაქციული შენიშვნები არ გამოუთქვამთ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიმართაც, რომელიც მესამე მოსმენით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარმოადგინა. მესამე მოსმენით განიხილეს ასევე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარმოადგინა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გარდაქმნის უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მან ისაუბრა იმ წინაპირობებზე, რამაც კანონპროექტის შექმნის აუცილებლობა წარმოშვა და დეპუტატებს კანონპროექტის ზოგადი პრინციპები გააცნო. ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, „მოქმედი კოდექსი არის კოდექსი იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის კოდექსი“. ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები და გაერთიანებები საქართველოს მოუწოდებდნენ შრომის კანონმდებლობის დახვეწისა და სრულყოფისაკენ. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ამ კანონპროექტის შემუშავებისას მთავრობისთვის მთავარი ორიენტირი საერთაშორისო სამართალი და ის საერთაშორისო ვალდებულებები იყო, რაც საქართველოს შრომის სფეროში აქვს აღებული. კანონპროექტის შემუშავება რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ მიზნით მრავალი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ და მეტნაკლებად გამართული პროექტი შეიქმნა. ამგვარად, როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტის მიღების საჭიროება განაპირობა ქვეყანაში შრომითი ურთიერთობის დაბალანსებული დარეგულირების, დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიებისა გაზრდის და საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების აუცილებლობით.
კანონპროექტის მიზანია დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით სამართლებრივი გარანტიების შემოღება; დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დაბალანსება; კანონის ერთგვაროვნად ჩამოყალიბება, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების ასახვა შრომით კანონმდებლობაში; დასაქმებულის დაცვა დისკრიმინაციისაგან; დამსაქმებლისა და დასაქმებულისათვის ურთიერთხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა, რამაც საბოლოო ჯამში, სასიკეთოდ უნდა იმოქმედოს როგორც მათ ინტერესებზე, ასევე ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. კანონპროექტით რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, შრომის მოქმედი კანონმდებლობა დაუბალანსებელი, დისკომფორტული და ხშირად დაუბალანსებელი იყო. მისი შეფასებით, მოქმედი კანონი დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულზე ზემოქმედების ერთ-ერთი მექანიზმი იყო, რასაც განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ წინასაარჩევნოდ. კომიტეტი, ძირითადად, ეთანხმება წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგად პრინციპებს, თუმცა გარკვეული შენიშვნებიც გამოითქვა, რომელიც კანონპროექტის ავტორებს გადაეცემათ. კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა კობა დავითაშვილმა. მისი თქმით, დიდი მუშაობა იქნა გაწეული მთავრობის, პარლამენტის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ დაუსაბუთებელი განთავისუფლების უფლება აღარავის უნდა მიეცეს, რასაც მოქმედი კანონმდებლობა უწყობდა ხელს. მისი თქმით, ეს კოდექსი წინგადადგმული ნაბიჯია იმასთან შედარებით, რაც დღეს მოქმედებს და იგი პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს. დეპუტატ გუგული მაღრაძის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი სწორედაც რომ ევროპული ორიენტაციისა და იგი ნორმალურ შრომით ურთიერთობებს ჩაუყრის საფუძველს. მისი თქმით, ეს სწორედ ის კოდექსია, რომელიც საქართველოს ევროპასთან დააახლოებს. წარმოდგენილი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებმაც მოიწონეს. „უპარტიო, გამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციის მოსაზრებებსა და წინადადებებზე წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა ისაუბრა. სხდომის დასასრულს დეპუტატებმა განხილულ საკითხებს კენჭი უყარეს. |