| გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა “დედამიწის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა |
| ორშაბათი, 22 აპრილი 2013 18:02 |
|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი “დედამიწის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლას ეწვია და გარემოსდაცვით პრობლემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. შეხვედრა საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით სკოლასთან ორი კვირის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფორმატში ჩატარდა. გიორგი ცაგარეიშვილმა ლექციაზე ისაუბრა როგორც ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, ასევე ზოგადად საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით პრობლემებთან მიმართებაში კომიტეტის გეგმებზე და გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მიმდინარე რეფორმაზე. გიორგი ცაგარეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საკუთარი ინიციატივა ,,მწვანე კომიტეტის“ შექმნის შესახებ. ,,ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი სკოლა ჩაერთოს მოძრაობაში, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხებით იქნება დაკავებული. ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ გარემოს გაჯანსაღებაზე და გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობა აქტიურად ჩავრთოთ ამ მოძრაობაში. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ასაკიდან უნდა ჩამოყალიბდეს გარემოსდაცვითი ცნობიერება. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლომდე ჩამოვაყალიბო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ,,მწვანე კომიტეტი“. ამისთვის ყველა რეგიონიდან თითო აქტიურ სკოლას შევარჩევთ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 23 აპრილი 2013 12:24 |






