|
შეხვედრაზე, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სამოქალაქო საზოგადოების აგრარული პოლიტიკისა და სოფლის განვითარების ქვეჯგუფის წევრებთან გამართა, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონპროექტის დეტალური განხილვა შედგა.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და პარლამენტში მისი განხილვის პროცედურა მალე დაიწყება. მანამდე კი კანონპროექტის პრეზენტაცია პარლამენტში უკვე შედგა, იგი არაერთგზის განიხილეს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. დღევანდელი სამუშაო შეხვდრაც ამის დასტური იყო.
კანონპროექტის თაობაზე ორგანიზაციაში შემოსული წინადადებები და შენიშვნები შეკრებილთ აგრარული პოლიტიკისა და სოფლის განვითარების ქვეჯგუფის კოორდინატორმა კახა ნადირაძემ გააცნო. დისკუსიაში სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეკრებილთა აზრით, კანონპროექტის შემუშავება ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც მრავლადაა წვრილი მეურნეობები, სიკეთის მომტანი უნდა იყოს. მათი აზრით, კოოპერატივების შექმნა ქართული დაწვრილმანებული სოფლის მეურნეობის გამსხვილების და განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს. თუმცა შეხვედრაზე კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით შენიშვნებიც გამოითქვა, რომლებზეც გიგლა აგულაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს. „შეიძლება ზოგიერთი საკითხი პასუხგასაცემი დარჩა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კანონპროექტის დამუშავების და პარლამენტში მისი განხილვის პროცესში ურთიერთგაგებას მივაღწევთ“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. მისი თქმით, შენიშვნები ეხება სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭებასთან, მართვასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს, სახელმწიფოს როლს ამ პროცესებში და ა.შ. „დღეს განსახილველი საკითხებიდან აღვნიშნავდი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭებასთან, მართვასა და მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს. დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმაც, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი – პროცესების მართვა უზრუნველყოს სახელმწიფომ თუ კოოპერატივების ასოციაციამ, არასამთავრობო სექტორმა. იმის გამო, რომ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები ისარგებლებენ შეღავათებით და პროგრამული დახმარებით სახელმწიფოსაგან, გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება სახელმწიფოს როლი უფრო გამოკვეთილი უნდა იყოს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ წევრობაზე დაფუძნებულ ასოციაციას მიანდოს ეს ფუნქცია, მაგრამ გამოითქვა მოსაზრებაც, რომ აქ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს უფრო მეტი როლი. თუმცა აქ, დარბაზშიც ხმები გაიყო. ვნახოთ, პარლამენტი იმსჯელებს ამაზე“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული განხილვის საგანი ასევე იყო კოოპერატივების წევრობის და ფინანსურ–ეკონომიკური საკითხები. როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაზე ყურადღების მიღმა არც ერთი შენიშვნა არ დარჩება, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა. |