| NDI-ის კვლევების პრეზენტაცია უმრავლესობის ფრაქციებისთვის |
| ორშაბათი, 22 აპრილი 2013 19:17 |
|
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ლიდერად რჩება საქართველოში, ხოლო გამოკითხულთა 60 % კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მათთან ყველაზე ახლოს მდგომ „პარტიად“ მიიჩნევს. გამოკითხულთა 56 %-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად დაასახელა. კვლევების შედეგების შესახებ პარლამენტის უმრავლესობის ფრაქციებს ამომწურავი ინფორმაცია NDI-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლუის ნავარომ გააცნო. კვლევების შედეგების პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდა.კვლევა მიმდინარე წლის 13 მარტიდან 27 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა ქართულენოვან მოსახლეობას შორის. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. „ პრემიერ მინისტრი ივანიშვილი და კოალიცია ქართული ოცნება კვლავ რჩებიან დომინანტურ პოლიტიკურ აქტორებად საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილის მოწონების მაჩვენებლები სტატისტიკურად არ შეცვლილა ან შემცირდა, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მოწონების მაჩვენებლები ცდომილების ზღვარს მიღმა გაიზარდა. ამავდროულად, გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციის არსებობა და ასეთად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებენ“, განაცხადა ლუის ნავარომ. |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 23 აპრილი 2013 12:23 |






