პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვეტოს შესახებ
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2013 16:05

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ამჯერადაც მზადაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ვეტო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პრეზიდენტმა ამის შესახებ ჯერ კიდევ კანონპროექტების განხილვისას განაცხადა.
„უმრავლესობა მზად ვართ. პირველ რიგში გავეცნობით პრეზიდენტის შენიშვნებს. ვეჭვობ, რომ მან რაიმე საყურადღებო შემოგვთვაზოს ისეთი, რასაც ჩვენ გავიზიარებთ. ასე, რომ მოსალოდნელია ამ საკითხზე კენჭისყრა და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი წარმატებით დაძლევს ამ ვეტოს იმიტომ, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონები არის ქვეყნისთვის სასარგებლო, სასამართლოსთვის სასარგებლო. ამაზე პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ მიუთითებს ყველა, მათ შორის ვენეციის კომისიაც. პრეზიდენტის ერთად ერთი არგუმენტი, თუ რატომ დაბლოკა და შეაყოვნა ეს რეფორმა, არის ის, რომ თითქოს ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნები არ გავიზიარეთ. იმედი მაქვს, ყველამ მოისმინეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ ვენეციის კომისია მიესალმება ამ ცვლილებებს, მიიჩნევს, რომ სწორი მიმართულებით მიდის რეფორმა და ეს ყველაფერი დიდი ხანია გასაკეთებელი იყო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არც სააკაშვილს და არც უმცირესობას არა აქავთ არც ერთი არგუმენტი, გარდა იმისა, რომ მათ არ სურთ სასამართლოებში შეიცვალოს მდგომარეობა. „სასამართლოებში მდგომარეობა შეიცვლება უკეთესობისკენ, მოსამართლეების მეტი დამოუკიდებლობისკენ და, საბოლოო ჯამში, მოქალაქეების ინტერესებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ .

 

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 24 აპრილი 2013 20:11
 
modules