ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან
Friday, 26 April 2013 12:10

საქართველოს შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებებს მიეძღვნა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელიც ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და USAID–ის მიერ იყო ორგანიზებული.

შეხვედრა გახსნეს და შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე.
შეხვედრაზე, რომელშიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს პროფესიული კავშირები, ახალგაზრდობა ფართო სპექტრით იქნა წარმოდგენილი, დეტალურად იმსჯელეს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტზე, რომელსიც პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვისათვის მუშავდება. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე ამ ცოტა ხნის წინათ უკვე მიიღო, ამჯერად საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი კანონპროექტს დეტალურად, მუხლობრივ დონეზე ამუშავებს. მსგავსი შეხვედრები და დისკუსიები კი კანონპროექტის დახვეწას უდავოდ წაადგება, მიაჩნია იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ბარამიძეს, რომელმაც შრომის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე საერთაშორისო დონეზე არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. საქართველოს, რომელიც ევროპის სოციალური ქარტიის მონაწილეა და ევროკავშირისაკენ ისწრაფვის, შრომის კანონმდებლობის დახვეწისაკენ არაერთგზის მოუწოდებდნენ. როგორც კი ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა, მისი ერთ–ერთი პირველი ინიციატივა იყო ის, რომ იუსტიციის სამინისტროს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება დაავალა.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, სწორედ ქვეყნის შიდა და ასევე გარე ფაქტორების, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით შემუშავდა წარმოდგენილი კანონპროექტი.
„მართალია, კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, მაგრამ ჯერ ყველა საკითხზე სრული კონსენსუსი არაა მიღწეული. დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ერთად ჩამოვყალიბდეთ ბევრ საკითხზე. მთავრობა მზადაა, რომ მოისმინოს შეხედულებები სადავო საკითხებზე. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ შეთანხმებას და არა ის, რომ ძალად მოვახვიოთ ვინმეს თავს ეს კოდექსი“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ნავთობკომპანიების ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, დამსაქმებელთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ წინადადებებზე. ძირითადი შენიშვნები იყო გამოთქმული ვადიან ხელშეკრულებებთან, ზეგანაკვეთურ შრომასა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებთან დაკავშირებით.
„ჩვენი შეხვედრა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მიმაჩნია შრომითი კოდექსი სერიოზული განხილვის თემა უნდა ყოფილიყო. ჩვენი მიზანია, რომ მივიღოთ დაბალანსებული შრომითი კოდექსი, რომელშიც თანაბრად იქნება გათვალისწინებული როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინტერესები, განსხვავებით არსებული კანონისაგან, რომელიც დისკრიმინაციული, ხშირ შემთხვევაში კაბალურიც კი იყო“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შეჯამებისას. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, გამოთქმული შენიშვნებიდან და წინადადებებიდან ზოგიერთი არის ისეთი, რომელსაც პარლამენტი ალბათ გაითვალისწინებს, მაგრამ ის, რომ ყოველგვარი არგუმერნტაციის გარეშე გაათავისუფლოს დამსაქმებელმა დასაქმებული, რასაც ზოგიერთი ბიზნესწარმომადგენელი ითხოვს, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებსა და ადამიანის უფლებებს.
კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტი, სავარაუდოდ, მაისში განიხილავს.

Last Updated on Sunday, 28 April 2013 12:19
 
modules