პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრთან, კლაუს ბრანდერთან
ორშაბათი, 29 აპრილი 2013 15:14

საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის შრომითი სამართლის სფეროში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სოციალური სამართლიანობის და სოლიდარობის განმტკიცება - იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მანანა კობახიძისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის კლაუს ბრანდერის შეხვედრის მთავარი თემა.

სტუმარი დაინტერესდა შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით და შრომის კოდექსით, რომელში შესატანი ცვლილებებიც ამჟამად იხილება პარლამენტში, ასევე საქართველოს მთავრობის ხედვით დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. გერმანელი პარლამენტარი დაინტერესდა იმითაც, თუ ქვეყნის ახალი მთავრობა როგორ ართმევს თავს სოციალური სამართლიანობის და სოციალური თანასწორობის აღდგენის და დამკვიდრების ამოცანას.

მანანა კობახიძემ სტუმარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია როგორც შრომითი სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე იმ გარდაქმნებზეც, რომლებიც დაგეგმილია და ახალი მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს საჯარო სამართლის სფეროში, სასამართლო სისტემაში, აგრარულ სფეროში.

სტუმარმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გერმანიისა და საქართველოს მეგობრობას და გერმანიის, როგორც პარტნიორი ქვეყნის  როლს, რომელიც მზადაა არა ერთ სფეროში კვლავაც აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს. კლაუს ბრანდერის შეფასებით, საქართველოში იმედისმომცემი, დადებითი პროცესები მიმდინარეობს.

"მოხარული ვართ იმ პროცესებით, რაც თქვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, იქნება ეს მიმართული სოციალური თანასწორობისაკენ, თავისუფლებისაკენ თუ დემოკრატიული ღირებულებების მიღწევის თვალსაზრისით, რაც თქვენს ქვეყანას ევროპასთან აახლოვებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ გერმანელმა პარლამენტარმა. მისივე შეფასებით, დღეს საქართველოში სოციალური სამართლიანობის კუთხით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რაც აისახება შრომის კანონში შესატან ცვლილებებში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.  

„ჩვენ დიდად ვაფასებთ  იმ მხარდაჭერას, რასაც საქართველო იღებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისაგან. ჩვენ გერმანიას განვიხილავთ, როგორც პარტნიორს, რომელიც მხარს გვიჭერს და გვეხმარება წინსვლაში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მანანა კობახიძემ, მან სტუმარს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

 

 

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 აპრილი 2013 11:29
 
modules