პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰიუ ბეილისთან
ორშაბათი, 29 აპრილი 2013 16:20
თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარს მასპინძლობს. ღონისძიება, რომლის ძირითადი თემა „სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები“ არის, საქართველოში მეოთხედ ტარდება. სემინარის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჰიუ ბეილის შეხვედრისას ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას შეეხება. საუბარია როგორც სამხედრო, ასევე დემოკრატიულ მიმართულებებზე. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის მზად იქნება გამოეხმაუროს საქართველოს საჭიროებებს და იგი, როგორც ინსტიტუტი გვერდში დაუდგება ქართული სახელმწიფოს მისწრაფებებს და გამოწვევებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა და ჰიუ ბეილიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარების ციკლი არის ინსტრუმენტი იმისა, რომ ნატოს წევრ და მის პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთგაგება გაღრმავდეს. ოფიციალური მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო სექტორს და ექსპერტებს საშუალება მიეცეთ იმსჯელონ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და საყურადღებო პრობლემებზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს წილად გვხვდა ამდენი საპატიო სტუმრის მასპინძლობა და განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიების მასპინძელი საქართველოს პარლამენტია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სემინარის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი წინ გადადგული ნაბიჯია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გზა არც ერთი ქვეყნისთვის არ ყოფილა მოკლე, თუმცა იგი განსაკუთრებით რთული საქართველოსთვის აღმოჩნდა, მაგრამ სირთულეებმა არც ჩვენ და არც ჩვენი პარტნიორები არ უნდა დაგვაბრკოლოს და ის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჰიუ ბეილიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის ნატოს ღია კარის არსებობა და საქართველოს ამ კარში შესვლის რწმენა გამოთქვა. „ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მყარად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს წევრობა დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და საქართველო დღეისათვის ბევრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იგი ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა და ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ წვლილს, რასაც საქართველო იღებს, რათა ავღანეთის მოსახლეობას მშვიდობიანი მომავალი ჰქონდეს. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს იმ აზრს, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ მიმართულებით მისასალმებელია საქართველოს კონსტრუქციული მიდგომა“, - განაცხადა ჰიუ ბეილიმ. მანვე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ვადებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ზუსტად დროის მონაკვეთს ვერ დავასახელებ, პროგნოზებს ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ: ნატო ურყევია თავის პოზიციაში და ვერც რუსეთი და ვერც ვინმე სხვა საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელს ვერ შეუშლის". დღესვე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის წევრებს ირაკლი სესიაშვილს, თედო ჯაფარიძეს, ირაკლი ჩიქოვანს და გიორგი ბარამიძეს შეხვდა.