|
სოციალური საკითხები, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, კლაუს ბრანდერისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრის ძირითადი თემები.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, ჯანდაცვის დონემ წინა ხელისუფლების პირობებში მოიმატა, მაგრამ მოსახლეობის 70%-ისთვის ხელმიუწვდომელი იყო და 2 200 000 ბენეფიციარი დაზღვევის გარეშე რჩებოდა. „ამ ეტაპზე სახელმწიფო დაზღვევით ბენეფიციარები ღებულობენ მინიმალურ პაკეტს, რომელიც სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ითვალისწინებს, 1 ივლისიდან ვგეგმავთ შემოვიტანოთ საბაზისო პაკეტი, რომელიც გაცილებით ფართოა და გეგმიურ ოპერაციებსაც ითვალისწინებს“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტი მუშაობს შრომითი კოდექსზე, რომელშიც თანაბრად იქნება გათვალისწინებული როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის ინტერესები. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, შრომის კანონმდებლობა წინა ხელისუფლების დროს დისკომფორტული და ხშირად დაუბალანსებელი იყო. მისივე განმარტებით, კანონი დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულზე ზემოქმედების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენდა, რასაც განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ წინასაარჩევნოდ. ახალი „შრომის კოდექსით“ რეგულირდება შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან, ვადასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრასა და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტითვე განისაზღვრება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობად, ასევე რა შემთხვევაში ჩაითვლება დასაქმებულთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მასობრივ დათხოვნად. ხუნდაძის განმარტებით, პროექტი ითვალისწინებს დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩაურევლობასა და დასაქმებულის დისკრიმინაციის დაუშვებლობას ამ გაერთიანების წევრობის გამო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოციალური მომსახურების სააგენტომ აწარმოა დაკვირვება, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბაზაში უმწეოთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ, არჩევნებს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, უმწეოთა კატეგორიებში მოხდება ქულების გადაფასება, რადგან წინა ხელსუფლების მიერ მინიჭებული ქულები არაობიექტური იყო. შეხვედრაზე დემოგრაფიულ საკითხებზე ისაუბრეს, დიმიტრი ხუნდაძემ სტუმრებს გაეროს მონაცემები გააცნო, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 28 %-ით შემცირდება. „ქართულ გენოფონდს ამით ექმნება საშიშროება და ამიერკავკასიაში, წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია დაირღვეს ეს ბალანსი“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. სტუმრები დაინტერესდნენ, დემოგრაფიული კატასტროფის შესაჩერებლად რა ღონისძიებები ტარდებოდა საქართველოში. აღნიშნულთან დაკავშირებით დიმიტრი ხუნდაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს ღვაწლსა და როლზე ისაუბრა. |