ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარი
ორშაბათი, 29 აპრილი 2013 19:40

სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები არის თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როს“-ის 83-ე სემინარის ძირითადი თემა. სემინარი თბილისში უკვე მეოთხედ ტარდება და მასში 24 ქვეყნის 220 წარმომადგენელი მონაწილეობს. 
სემინარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნა, როგორც მან თავისი გამოსვლისას აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა, თუმცა, ქვეყნის პრიორიტეტები უცვლელი დარჩა. „სამხრეთ კავკასიის რეგიონს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსოფლიოსათვის და ეს ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, შესაბამისად ჩემი სამშობლო, მზად არის არა მხოლოდ იმისათვის, რომ მიიღოს დახმარება პარტნიორებისგან, არამედ თავისი წვლილიც შეიტანოს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მშვიდობის კეთილდღეობის შენებაში მთელ მსოფლიოში, ამის მტკიცებულებად გამოდგება ალბათ ის, რომ ჩვენ სრულად ვმონაწილეობთ ამ ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობებში, ეს ეფუძნება ჩვენს ძალიან ღრმა გადაწყვეტილებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა იმ რეზოლუციასაც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმების შედეგად საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დოკუმენტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს სერიოზული პრობლემები კოჰაბიტაციის პროცესში, ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა დემოკრატიას. "ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებს, რომ საქართველოში დამყარდეს მრავალპარტიული დემოკრატია, რადგან გვჯერა, რომ ეს არის დემოკრატიის ერთადერთი მდგრადი ფორმა. ჩვენ დამოუკიდებლად ვებრძვით სირთულეებს, თუმცა მათ დაძლევაში ჩვენი მეგობრების დახმარებაც გვჭირდება. მინდა, ჩემი გამოსვლა დავასრულო ერთი ისტორიული მინიშნებით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ 10 წლის წინ დააკაკუნა ნატო-ს კარზე, დაახლოებით 5 წლის პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა. დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - შეგვიძლია შემოვიდეთ ამ კარში? გთხოვთ, ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ "როუზ-როსის" სემინარის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სემინარების ეს ციკლი ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისა, რომ ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს.
"გვინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლრებლობისათვის, რომ შეგხვედროდით სხვადასხვა საკითხებზე გვესაუბრა. ეს სემინარი იქნება მორიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გზა არც ერთი ქვეყნისთვის არ ყოფილა იოლი და ის განსაკუთრებით რთული და ეკლიანი აღმოჩნდა საქართველოსთვის, მაგრამ ამ სირთულეებმა არ უნდა დაგვაბრკოლოს და ის გადაწყვეტილება, რომლიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, უნდა შესრულდეს“.
სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი და შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გუნტერ ბეხლერი.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ თავისი გამოსვლისას 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დადებითად შეაფასა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მონაწილეობა მიიღო სადამკვირვებლო მისიაში. მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ ნატო-ში გაწევრიანება“, - განაცხადა ჰიუ ბეილიმ.
4სემინარის მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წარსდგა. „ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და საპატიოა, რომ ,,როუზ - როსის“ სემინარი საქართველოში ტარდება და საკითხი სამხრეთ კავკასიას ეძღვნება. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ერთად განვიხილოთ რეგიონისა და საერთო–ევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალური საკითხები, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენს რეგიონში კიდევ არსებობს კონფლიქტების საშიშროება. ჩვენი საერთო ამოცანაა განვამტკიცოთ მშვიდობა, გზა გავუხსნათ მდგრად დემოკრატიულ განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენს ხალხს კარგად ესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას.“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. „ეს არის ქართველი ხალხის ნება, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდეს. „საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, იმისთვის, რომ პროგრესს მივაღწიოთ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების საქმეში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ქვეყნის პრემიერმა თავისი გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის განუხრელად გატარების პარალელურად, ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და ამის განხორციელების მიზნით, კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაიდგა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური და კულტურული კავშირები. „თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას. ჟენევის მოლაპარაკებები არის ერთადერთი ფორმატი რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად. გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული და ევროალანტიკური ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს თავისუფლება და უსაფრთხოება, ასევე მისცემს მას საშუალებას დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში.“, - განმარტა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა საქართველოს ამჟამიმინდელ და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში პროცესები მშვიდობიანად განვითარდეს, ცდილობს თანაარსებობას ყოფილ მმართველ ძალასთან. „ეს პროცესი არ არის ადვილი, რადგან ამ თვალსაზრისით არა ერთ წინააღმდეგობას ვაწყდებით. თუმცა ეს არც გასაკვირია, რადგან ასეთი პოლიტიკური პროცესები რთულია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დიდი დემოკრატიული გამოცდილების მქონე სახელმწიფოებისთვისაც კი. მიუხედავად სირთულეებისა, ნელ–ნელა პოზიტიური დინამიკა და კონკრეტული შედეგები შეიმჩნევა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით წამოწყებული რეფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეყრდნობა და ვენეციის კომისიისა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წინადადებებს ასახავს. პრემიერმა ყურადღება მედიის დამოუკიდებლობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიასაშულებების მუშაობაში არ ერევა.
ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ივნისში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ჩამოსვლისას იქნება შესანიშნავი საშუალება იმისა, რომ საბჭო ადგილზე გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. „ჩვენ რეალისტები ვართ და კარგად გვესმის, რომ ნატოში ინტეგრაცია ეტაპობრივი პროცესია, და საქართველო მზად არის განაგრძოს ეს გზა. ამავე დროს, იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ ალიანსი სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასახავს ამას კონკრეტულ გადაწყვეტილებაში და ამით წინ წასწევს ნატოში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
თავისი გამოსვლის დასრულებისას პრემიერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სტუმრებს იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარებისა და ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეისგან გრძნობს.
პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ იყო. პრემიერს კითხვები კოჰაბიოტაციასა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებებთან დაკავშირებით დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პოლიტიკური სურვილი არ არის გამუდმებით არკვიოს ურთიერთობები წინა ხელისუფლებასთან. ამიტომ, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს. თუმცა, პრემიერი აღნიშნავს, რომ ამის პარალელურად საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, იმისა, რომ წინა ხელისუფლება, რომელიც ძალადობას ახორციელებდა, დაუსჯელი რჩება.
სემინარზე პრემიერ-მინისტრს ლატვიის წარმომადგენელმა კითხვით მიმართა, აპირებს თუ არა პარლამენტი ისეთივე რეზოლუციის მომზადებას რუსეთთან მიმართებაში, როგორიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეზოლუცია იყო. ივანიშვილის თქმით, ყოფილ მმართველ გუნდსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე განსხვავებული აზრის მიუხედავად, ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში მუშაობის დაწყებას და შესაბამისი დოკუმენტის ფორმალურად მომზადებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მზად არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ რუსეთთან დაკავშირებით პოზიციების შეთანხმებაზე საუბარი დაიწყონ, თუმცა შედეგის იმედი არ აქვს.
საფრანგეთის წარმომადგენლი დაინტერესდა ხომ არ აქვს ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მაგიური რეცეპტი. „ჩვენი გადმოსახედიდან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ვერ იქნება მაგიური და სწრაფი. პირველ ეტაპზე რაც მოხერხდა ეს არის სავაჭრო ურთიერთობებისა და კულტურული ურთიერთობების დაწყება“, უპასუხა პრემიერმა. მას რეალურად არ მიაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობა მალე აღდგება და რუსეთთან ურთიერთობები დალაგდება. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ გამოასწორებს და შეძლებს იმ უხეში შეცდომების გასწორებას, რომელიც წარსულში იყო დაშვებული.
სემინარის პირველი სხდომის თემის ფარგლებში „სამხრეთ კავკასია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ მოხსენებები გააკეთეს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ფილიპ ლეფორმა; ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, უილიამ ლაჰუმ, რომლებმაც ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთირთობისა და ნატოსა და სამხრეთ კავკასიის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ყურადღება გაამახვილა იმ ტრანსფორმაციაზე, რაც საქართველომ ბოლო ოცი წლის მანძილზე განიცადა. მისი განცხადებით პლებისციტის შედეგებმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის 75% უჭერს მხარს ნატოში ინტეგრაციას. თავდაცვის მინისტრის განცხადებით დღეს, ახალ რეალობაში საქართველოს
მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო ამკვიდრებს პარლამენტთან და ხალხთან ანგარიშვალდებულების კულტურას. სამინისტრო მუშაობს, ასევე სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და კეთილდღეობისათვის. „ვგეგმავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ გავამყაროთ უსაფრთხოება მსოფლიოში. გვინდა ჩვენი პოტენციალი ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, ნატოს“, განაცხადა ირაკი ალასანიამ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სომხეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან სამხედრო პარტნიორობისა და თანამშომლობის მნიშვნელობაზე, ასევე მულტინაციონაციონალურ პროექტებში მოანწილეობის პერსპექტივაზე.
რეგიონში უსაფრთხოების გამყარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე თავიანთი ქვეყნების ოფიციალური ხედვის თაობაზე ისაუბრეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ტონოიანმა და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მალაჰატ იბრაჰიმგიზიმ.
სემინარის მიმდინარეობისას ყოველი მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც თითოეულ მომხსენებელს მრავალრიცხოვან კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით „როუზ-როს“-ის რიგით 83-ე სემინარი თბილისში 29 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელაგაციები, ასევე ასოცირებული წევრის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, პარლამენტის სასახლეში (თბილისში) მიღება გაიმართა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 29 აპრილი 2013 20:18
 
modules