დავით უსუფაშვილმა „სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად“ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ორშაბათი, 29 აპრილი 2013 20:32

პარლამენტი უკანონო მოსმენებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე კონკრეტული წინადადებების გასაზიარებლად მზად არის. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ - „სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად“ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. 
დავით უსუფაშვილის თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მზად არიან, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის დასახვეწად კონკრეტული წინადადებები გაიზიარონ. მისი თქმით, მოქმედ კანონმდებლობაში უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ბევრი რამ არის ასაწყობი.
„პარლამენტში მზად ვართ გავიზიაროთ კონკრეტული წინადადებები იმაზე, თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებში. ბევრი სამუშაო აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზეც არის გასაწევი. ასევე ვაკანტურია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის თანამდებობა და კანონი ამ მხრივაც არის ასამუშავებელი, რათა ამ ინსტიტუტს სათანადოდ მიუწვდებოდეს ხელი უკანონო მოსმენების მონიტორინგის ეფექტურობაზე“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
„სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად“ კონფერენცია სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა, რომლის მიზანი წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალების განადგურებისა და მომავალში მსგავსი პრეცედენტების თავიდან აცილების მიზნით, საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემუშავების საკითხების განხილვა იყო.
კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების გარდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 აპრილი 2013 11:34
 
modules