სხდომის ოქმი #15

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხტა კომიტეტის სხდომის ოქმი #15

2013 წლის 17 აპრილი

სხდომ თავმჯდომარე:      გიგლა აგულაშვილი   (კომიტეტის თავმჯდომარე)  
    

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან ერთად/

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: ლ. ქარდავა.

სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:  პ. ცისკარიშვილი.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  თ. შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ზ. ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ნ. ებანოიძე - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები და მათი აპარატის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

 საქართველოს პარლამენტის წევრების: ერეკლე ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტი - „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ (07-3/73; 27.03.2013).

/მომხსენებელი: გ. ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი/. 

I.            მოისმინეს:

გ. ჟორჟოლიანის ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის პროექტის - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტის - „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“. მან აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა სოფლის მოსახლეობას არ ანიჭებს შესაძლებლობას დადოს გარიგებები, შეიძინოს  უფლებები და მოვალეობები და მიიღოს შემოსავლები, აირჩიოს მართვის ორგანოები და თავად იზრუნოს სოფლის პრობლემების მოგვარებაზე. ყოველივე ეს არსებითად აფერხებს, როგორც სოფლის განვითარებას, ისე მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე დამყარებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას. სოფლის გასაძლიერებლად, აუცილებელია შეიქმნას სოფლის მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და რეალიზების ქმედითი საკანონმდებლო გარანტიები. საქართველოს მთავრობა გეგმავს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელებას, რომლის საფუძველზე საქართველოში ჩამოყალიბდება ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედითი და დემოკრატიული სისტემა. ამ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარება და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად განიხილება სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის დანერგვა.

წარმოდგენილი კანონპროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეძლევა უფლება საზოგადოებრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით გადასცეს მას ცალკეული უფლებამოსილებები და დაამტკიცოს საზოგადოებრივ თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულებები. ამავდროულად, კანონპროექტით გათვალისწინებულია ორგანულ კანონში ახალი 585-ე მუხლის დამატება, რომლითაც განისაზღვრება სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის ცნება და სტატუსი.

                  „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის დანერგვის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე დამყარებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, სოფლის გაძლიერებასა და განვითარებას, სოფლის მოსახლეობის ინტერესების დაცვასა და რეალიზებას.

                                                            /კანონპროექტების სრული ტექსტი ოქმს თან ერთვის/.

           აზრი გამოთქვეს:

1.       გ. აგულაშვილი: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საგაზაფხულო პროგრამის ჩატარების წინ, წავაწყდით მიწების რეგისტრაციის პრობლემას. არ არის აღრიცხვა, არის ბევრი სადავო საკითხი. ამავე დროს, ბოლო

             წლებში ხშირად იყო მიწების კატეგორიების შეცვლის შემთხვევები. მაგალითად, საძოვრების გადატანა სახნავში მათი რეალიზაციის მიზნით და ა.შ. დღეს, როდესაც მოსახლეობამ იგრძნო პროტესტის გამოთქმის და მისი

            მოსმენის შესაძლებლობა, მედიაში გაჩნდა ფაქტები იმისა, რომ სადავო ამ სფეროში ბევრია. სანამ ქონების გადაცემაზე დავიწყებთ საუბარს, ხომ არ იქნება უპრიანი მიწების კადასტრიზაცია მოხდეს, აღირიცხოს და ამის შემდეგ
            დადგეს საკითხი, ვის რა ეკუთვნის, რა გადავცეთ, როგორ და რა მოცულობით?

 2.   გ. გოზალიშვილი: ერთი კითხვა მაქვს: მე-2 მუხლში წერია, რომ „სოფლის საზოგადოებრივი თვითთმართველი ერთეული არის ტერიტორიულ საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული სოფელი, რომელსაც აქვს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი ორგანოები, ადმინისტრაციული საზღვრები, საკუთარი ქონება და შემოსავლები.“ მე გეტყვით, რომ სოფლებში საზღვრები ჯერ არ არის დადგენილი, არ არის დამთავრებული აღწერა, სახელმწიფო რა მიწას ფლობს და რას არა. 2010 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმად, რაც კი საძოვრები ქონდა თვითმმართველობას, ისიც სახელმწიფომ, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წამოიღო. არის ბევრი საკითხი გასათვალისწინებელი და ამის ცოტა ნაჩქარევად გაკეთებით საკმაოდ დიდ პრობლემებს წავაწყდებით.
3.  დ. ლორთქიფანიძე: წარმოდგენილი პროექტი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ მაინტერესებს, როგორ მოხდება უფლებამოსილებების გადანაწილება მუნიციპალიტეტების გამგეობასა და საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულებს შორის? საძოვრების თემაც სერიოზულ დაფიქრებას და ასახვას საჭიროებს პროექტში.
4. ვ. ლემონჯავა: საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის საერთო კრება მოიწვევა 3 თვეში ერთხელ, უბნების მიხედვით, იმგვარად, რომ თითოეულ უბანში შეიკრიბოს არა უმეტეს 200 წევრისა. არის სოფელი, სადაც ცხოვრობს 5000 კაცი. შესაბამისად, იქ 25 კრება უნდა ჩატარდეს?  25 კრება დისონანსი ხომ არ არის?
5. გ. აგულაშვილი: პროექტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით „საერთო კრება ამტკიცებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარვის შესახებ;“ ტერმინი „განკარგვა“ სამართლებრივად გასხვისებას, გაყიდვასაც გულისხმობს.  რა ქონების და რა წესით ხდება მათი განკარგვა?
6. გ.  ჟორჟოლიანი: გეთანხმებით, რომ იმისთვის იქმნება ეს კანონები, რომ ის ვითარება, რაც დღეს არის, მოწესრიგდეს, მაგრამ მიწის კადასტრის მოწესრიგება ეხება მთლიანობაში მიწის საკუთრებითი ურთიერთობების მოწესრიგებას. დაიწყოს ეს პროცესები 2015 წლის 1 იანვრიდან და მერე, ახალი მუნიციპალიტეტები რომ შეიქმნება, ისინი განსაზღვრავენ ვის, რა და როგორ გადასცენ. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ამის აღსრულებას პარლამენტი ვერ გააკეთებს. ამის თაობაზე მქონდა საუბარი სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის მინისტრებთან. ისინი მუშაობენ ამ საკითხებზე, მექანიზმი უნდათ შექმნან ეფექტური და სწრაფი. ძალიან დიდი ნაწილი მიწისა არის დეფაქტო მფლობელობაში. ცხადია, სერიოზულ ეკონომიკურ პროცესში ასეთი  მიწები ვერ ჩაერთვება. სამინისტროებსაც და შესაბამის კომიტეტებსაც კარგად ესმით, რომ ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოებია ერთობლივად ჩასატარებელი. ამიტომ გვიწერია გარდამავალ დებულებებში 2015 წლის 1 იანვარი, რომ მოსამზადებელი სამუშაოები  მანამდე გაკეთდეს. სოფლის საზღვრები მოსაწესრიგებელია, მიწის, როგორც სერიოზული რესურსის ასამოქმედებლად მთლიანობაში მიწის საკითხებია მოსაწესრიგებელი. რაც შეეხება, ეტაპებს, ჩვენ მზად ვართ, ვადებს გადავხედოთ. ჩვენი აზრით, საძოვარი სოფელს მუნიციპალიტეტმა უსასყიდლოდ უნდა გადასცეს, ან შეიძლება ჩაიწეროს, რომ შეთანხმების საფუძველზე გადასცეს და სოფელი მერე თვითონ დაარეგულირებს, როგორ გაანაწილოს.

 7.  თ.  შერგელაშვილი: მივესალმები პროექტის განხილვას, თუმცა დღეს შემოტანილ ფორმულირებებთან ჩვენს სამინისტროს გარკვეული შენიშვნები გვაქვს. ჩვენ შევთანხმდით ავტორებთან, რომ წამყვან კომიტეტში განხილვამდე ეს საკითხები ფინანსთა და ჩვენს სამინისტროებთან ერთად გავიაროთ. არ გვინდა, რომ ამას შევხედოთ, როგორც ერთჯერად აქციას. ეს არის ეტაპობრივი პროცესი. ამიტომ კანონი უფრო მოქნილი უნდა იყოს, იყოს საშუალება, რომ სადაც გაჩნდება საზოგადოებრივი აქტიურობა, იქ დაიწყოს საზოგადოებრივი ერთეულის თვითმმართველობა. მეორე: ისეთი მცირე სოფლებისთვის, სადაც 50-ზე ნაკლებია მოსახლეობა, შემოთავაზებულია, რომ მეზობელ საზოგადოებრივ თვითმმართველობაში გაერთიანდნენ. ჩვენი შეთავაზებაა ასევე, რომ ქონება  გაიმიჯნოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტს შორის. შემდეგ: იყოს წევრობაზე დაფუძნებული სსიპი. რადგან საზღვრები არ გვაქვს, ეს უნდა იყოს მოქალაქეთა თანამონაწილეობის ფორმა და არ უნდა გადაიხაროს საჯარო ხელისუფლებისკენ. მთავრობა პარალელურად მუშაობს თვითმმართველობის კანონზე, რომელიც მის მიერ იქნება ინიცირებული და შეიძლება თვითმმართველობის კოდექსის სახით იყოს წარმოდგენილი.
8.  გ. ჟორჟოლიანი: ვფიქრობთ, ჩვენი კომიტეტის სხდომა მოვიწვიოთ 2 მაისს და განვიხილოთ საკითხი ყველა იმ შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით და შეჯერებით, რაც თქვენი კომიტეტებიდან და მთავრობიდან შემოვა. 

სხდომის დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების განხილვის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღვინიაშვილმა, გააკეთა განცხადება 2012 წლის 19 ივლისს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის თაობაზე. მან ამომრჩევლების სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის, თუმცა გურჯაანის მაგალითზე აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი დარჩა კომპენსაციების გარეშე, კომისიამ ზოგ ადგილას არასწორად იმუშავა და თანხები არასამართლიანად გაანაწილა. მან ითხოვა, მეტი დაინტერესება იყოს საქართველოს მთავრობისგან, რათა აღნიშნული ფაქტები იქნას სათანადოდ შესწავლილი და გამოძიებული. გიორგი ღვინიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დაეთანხმნენ პარლამენტის წევრები და საჭიროდ ჩათვალეს დასმული საკითხების შესწავლა.

გა          გადაწყვიტეს:

კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ერეკლე ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონის პროექტს - „სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

                                              /კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/.

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                                   . აგულაშვილი

 

სხდომის მდივანი:                                                                             . ქიტიაშვილი