გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 17:04

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, პარლამენტის რეგლამენტის 541-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტთან შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები წარადგინეს. ღონისძიება საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით ჩატარდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მე-8 მოწვევის პარლამენტში ეს არის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის პირველი პრეცედენტი. „ეს არის საზოგადოების მხრიდან საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც აკლდა წინა მოწვევის პარლამენტს. გადაწყვეტილებები მიიღებოდა საზოგადოების ჩართულობის გარეშე. საზოგადოებასა და პარლამენტს შორის არსებული კედელი დღეს დაინგრა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც დიდი ცოდნა გააჩნიათ, ჩვენ ვართ მზად, გავიზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება“, - მიმართა გიორგი ცაგარეიშვილმა სამაცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს. მან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმა არასწორ ქმედებად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს აღდგენა და მისთვის წართმეული ფუნქციების დაბრუნება, ახალი ხელისუფლების ძალისხმევასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის დამსახურებაა. მისივე განმარტებით, სამინისტროსთვის ფუნქციების წართმევის და არასწორი პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანაში ურთულესი ეკოლოგიური ფონია შექმნილი. 

გიორგი ცაგარეიშვილმა საბჭოს წევრებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების ჩამონათვალი გააცნო, რომელთა შემუშავებას და განხილვას კომიტეტი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 აპრილი 2013 19:28
 
modules