|
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა |
|
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 17:12 |
|
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე "საქართველოს ევროინტეგრაციის კომუნიკაციის და ინფორმაციის სტრატეგია 2013-2016 წლებისთვის“ დოკუმენტი განიხილეს, რომელიც „ფონდ ღია საზოგადოების“ წევრმა, ივანე ჩხიკვაძემ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.
დოკუმენტი შემუშავებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის მიერ. აღნიშნული სტრატეგია განსაზღვრავს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ ეროვნულ და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სამოქმედო გეგმას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა. ესენია: ახალგაზრდობის ჩართულობა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში და საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, რომელსაც ნაკისრი ექნება ვალდებულება ევროინტეგრაციის პროცესი რეგულარულად გააშუქოს. ამ მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანია ბეჭდური მედიის როლი. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო და აუცილებელია ევროპული ღირებულებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს, მათ შორის აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ორ ქვეყანას შორის განვითარების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულებას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
|
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 30 აპრილი 2013 19:33 |