|
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულთან, ანტიე ლენდერსტესთან |
|
Tuesday, 30 April 2013 17:15 |
|
გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულის, ანტიე ლენდერსტეს შეხვედრისას. გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მთავრობის საქართველოსთან მეგობრობის და თანამშრომლობის არამარტო გაგრძელების, არამედ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა არანაირად არ არის დამოკიდებული თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასურველია საქართველოსთან მეგობრობის გაფართოებული ჯგუფის შექმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში მეტ ლობირებას გაუწევს.
პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანელ სტუმარს საქართველოს შიდა საკითხები და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები გააცნო. „ახალმა ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დარჩა და ნატოში და ევროკავშირიში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ამის ერთ-ერთ დასტურად თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარიც წარმოადგენს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ანტიე ლენდერტთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ამ საკითხთან მიმართებაში უფრო პრაგმატული და რაციონალური იქნება. „რუსეთთან მიმართებაში საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან შევათანხმებთ“, - დასძინა დავით უსუფაშვილმა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ვილნიუსის ნატოს სამიტის მოსალოდნელ შედეგებზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ისაუბრეს.
|
|
Last Updated on Tuesday, 30 April 2013 21:28 |