|
პრეზიდენტის მიერ შენიშვნებით დაბრუნებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ძაგნიძის განმარტებით, პროექტების შენიშვნებით დაბრუნება განპირობებულია იმით, რომ პარლამენტის მიერ მათი მიღების პროცესში არ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. მისივე თქმით, კანონპროექტში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლითაც ბრალდებულს შეუნარჩუნდება უფლება მოითხოვოს საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე ბრალდების მხარის სავალდებულო თანხმობის გარეშე. ძაგნიძის განცხადებით, ბრალდებულს უნდა დარჩეს უფლება მითხოვოს საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე, თუ შესაძლებელია ამით საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად იქნას ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა. „შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, კანონპროქტის დაიცავს სამართლიან ბალანსს მხარეთა შორის და შექმნის ბრალდებულის დაცვის მყარ გარანტიებს“- განაცხადა დიმიტრი ძაგნიძემ . ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მოსაზრებით, კანონში უნდა შენარჩუნდეს ბრალდებულის უფლება, თავად აირჩიოს, განიხილოს თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა. მისივე განმარტებით, მან ეს პოზიცია საკითხის პირველი მოსმენით განხილვის დროსაც დააფიქსირა.
სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში პრეზიდენტი ცვლილებებს იმ მუხლებში ითხოვს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესებსა და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ეხება. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სახალო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიშის მეორე ნაწილი მოისმინეს. ნანუაშვილის განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადსხვაობაა და კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს. მისივე თქმით, ეთნიკურად ჩეჩნები საქართველოს პასპორტებს უცხო ქვეყნებში საქართველოს საელჩოების საშუალებით ღებულობდნენ. „ეს მოქალაქეები საქართველოს პასპორტსებს საელჩოების გამოყენებით ღებულობდნენ. აღნიშნული ფაქტი გამოსაძიებელია, რათა დადგინდეს, რა კონკრეტული მიზნით ხდებოდა ეს. ამ მოვლენას როგორც სახალხო დამცველი გვერდს ვერ ავუვლიდი, რადგან საუბარია სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. ნანუაშვილმა დეპუტატებს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ასლან მარგოშვილის ცეცხლსასროლი იარაღის მოწმობა წარმოუდგინა. მისი განაცხადებით, ჩეჩნები საქმის გამოძიებას არ ენდობიან, რადგან მათ დაკითხვას იგივე გამომძებლები აწარმოებენ. „ეს ადამიანები მზად არიან დეტალური ინფორმაცია მისცენ გამოძიებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია , თუ ვინ მისცა მათ იარაღი. უმცირესობის წარმომადგენლის, აკაკი მინოშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეს იარაღის შენახვისა და დარეგისტრირების უფლება აქვს, ხოლო უმცირესობის წარმომადგენელი მარიამ საჯაია დაინტერესდა,საიდან აღმოაჩნდა ნანუაშვილს მარგოშვილის იარაღის შენახვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ომბუდსმენის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულება საქმიდან არ არის ამოღებული. კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების, ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტები: ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ; ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვილების შეტანის შესახებ; ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე .
|