|

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხის განხილვით დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარის მეორე დღის სხდომა აღნიშნულ თემაზე მოხსენებები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა, გიორგი კუნაძემ, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა და საერთაშორისო კრიზის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორმა, ლოურენს შიითსმა წარმოადგინეს. ზურაბ აბაშიძემ სემინარის მონაწილეებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ახალი ხელისუფლების ხედვა წარუდგინა. მან პირდაპირი დიალოგის იმ ფორმატზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. „ორმხრივ ფორმატში ჩვენ განვიხილავთ ისეთ საკითხებს როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობები, სამეცნიერო კონტაქტები და არ ვეხებით იმ რთულ თემებს და პრობლემებს, რომლებიც ჟენევის ფორმატის ფარგლებში განიხილება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან დიალოგის დაწყების შემდეგ მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზეც ისაუბრა, კერძოდ, ეს არის წინსვლა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით. „საკმაოდ პროდუქტიული სამუშაოები ჩატარდა და სწრაფად გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები არსებული ბარიერების მოსახსნელად“, - დასძინა ზურაბ აბაშიძემ. რუსეთის დიპლომატიისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება დიდი პრიორიტეტი არ არის, - ამ სიტყვებით დაიწყო თავის გამოსვლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი კუნაძემ. მისი განცხადებით, ეს მოსაზრება არა რუსეთის მთავრობის, არამედ საკუთარი პოზიციაა და ეს ომის შემდგომ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ახსნა. გიორგი კუნაძემ ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების მსოფლიო პრაქტიკის სამი მაგალითი მოიყვანა. მან ტაივანის, ოლანდის კუნძულების და ჩრდილოეთ კვიპროსის მოვლენებზე ისაუბრა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ამ მაგალითების საქართველო-რუსეთზე მორგება.
გამოსვლის დასასრულს, იგი კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს სურვილს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია, რადგან მისი მოსაზრებით ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მაინც ვერ დაეხმარება. რეინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა თავის გამოსვლაში ყურადრება ახალი ხელისუფლების მხრიდან კონფლიქტური რეგიონების მიმართ განსახორციელებელ მექანიზმებზე გაამახვილა. მისი შეფასებით კონფლიქტის მოგვარებისადმი ხისტი და სწორხაზოვანი მიდგომა არასწორია და აუცილებელია მეტი კრეატიულობა. მან სამშვიდობო მექანიზმების ამოქმედების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ცალკე გამოყო ერგნეთის ბაზრობის თემა, რომელსაც, მისი განცხადებით, ყოველთვის თან ახლდა კრიმინალი, მაგრამ ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებო და სწორხაზოვანი მიდგომა იყო. „ერგნეთი მნიშვნელოვანი სამშვიდობო მექანიზმია. რა თქმა უნდა ბარიერები არსებობს და ისინი საქართველოს მიერ არ არის აღმართული. ჩვენ ვცდილობთ ამ ბარიერების მოხსნას, გამოვყობთ შესვლის და გასვლის ადგილებს და სიტუაცია უფრო დინამიური იქნება. ამ ყველაფრის ორგანიზება კეთილი ნების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში კოჰაბიტაციის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა კავკასიის პროექტის დირექტორმა, ლოურენს შიითსმა. მან ამ მიმართულებით არაერთი მსოფლიო პრაქტიკის მაგალითი მოიყვანა და საქართველოსთან მიმართებაში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ხაზის აღდგენის თაობაზეც საკუთარი შეფასებები წარმოადგინა. „საუბარი იყო რკინიგზის აღდგენაზე. ამას შეიძლება ვაჭრობის აღდგენისთვის მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ საზღვაო ვაჭრობა უკვე ხომ არის, რომელიც ნაკლებად ძვირი ჯდება. რკინიგზის აღდგენა საკმაოდ ძვირია და თან 2-3 წლის განმავლობაში ამ პროცესი აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს“, - განაცხადა ლოურენს შიითსმა. როუზ-როსის სემინარის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის პრეზენტაციია საპარლამენტო უმრავლესობის პერსპექტივებსა და საქართველოში შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას შეეხებოდა. მან საპარლამენტო არჩევნებსა და საპარლამენტო უმრავლესობის მთავარ ამოცანაზე და საქართველოს მოსახლეობის მთავარ დაკვეთაზე - ქვეყანაში სამართლიანობის დამყარებაზე ისაუბრა. ვიცე სპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის კითხვა გაიმეორა - როდის შეძლებს საქართველო ნატოს ღია კარში შესვლას და ამასთან დაკავშირებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჰიუ ბეილის პასუხი, რომ ეს ძალიან მალე მოხდება ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას შეადარა. მისი განცხადებით ექიმი ყოველთვის აიმედებს პაციენტს, რომ აუცილებლად გამოჯანმრთელდება, მაგრამ არ აკონკრეტებს როდის. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც მედიცინაში, მთავრია, სწორად დაისვას დიაგნოზი, მკურნალობის სწორ გზას დავადგეთ და პაციენტმა ზუსტად შეასრულოს დანიშნულება. ამის შემდეგ დავით საგანელიძემ იკითხა რატომ ტკეპნის საქართველო ერთ ადგილს ბოლო წლების განმავლობაში და ვერ შედის ამ ნანატრ კარებში. რა იყო იმ პროცესების შეჩერების, თუ სტაგნაციის მიზეზი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში უნდა გაეღო ეს კარები. ამასთან დაკავშირებით მან თავადვე განმარტა, რომ წლების მანძილზე უცხოელი ორგანიზაციები არასწორ ინფორმაციას იღებდნენ, რომ საქართველოში დამთავრდა კორუფცია, აქ არის მრავალპარტიულობა, მედია და სასამართლო თავისუფალია, რომ ევროპელი დამკვირვებლების თუ ექსპერტების რეზოლუციები ზუსტად სრულდება, „თუ ეს ასეა, ვსვამ კითხვას, რატომ ვარ სულ ოპოზიციაში? და გპასუხობთ, იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა სიმართლისთვის თვალებში შემეხედა, იმიტომ, რომ სწორ დიაგნოზს ვსვამდი, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში. ამიტომ გავიარე ყველა სირთულე, რაც საქართველოს მოსახლეობამ იწვნია, რეზინის ტყვიები, მომწამლავი გაზი. მე დავდე თბილისში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი, როცა ვნახე რა ამაზრზენი არჩევნები ჩატარდა. ვერასოდეს ვერ შევეგუე, რომ ხელისუფლება ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. ფაქტობრივად ქვეყანა მიექანებოდა ერთი კაცის დიქტატურისაკენ, სასამართლო იყო იმ ერთი ადამიანის დაქვემდებარებაში, მედიაზე ხდებოდა ზეწოლა, ფაქტიურად არ არსებობდა რეალური ოპოზიცია, ყველა ნამდვილი ოპოზიციური პარტია მიწასთან იყო გასწორებული, ამიტომ მოხდა, რომ ყველა ის პარტია გაერთიანდა ერთი ძალის გარშემო, ჩვენ ყველანი მივხვდით, რომ საჭირო იყო გაერთიანება, კრისტალიზაცია იმ ადამიანის გარშემო, როემლსაც უყვარს ქვეყანა და ნამდვილად სწორი გზით წაიყვანს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ის მრავალპარტიული კოალიცია, რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია, არის გარანტია, რომ შიგნით კოალიციაშიც მრავალი პარტიის ინტერესებია გათვალისწინებული. მასში 6 პარტიაა გაერთიანებული, გარდა ამისა კიდევ სამი პარტიის წევრები შედიან მის შემადგენლობაში, ასე, რომ ეს არაა ერთი პოლიტიკური ძალა და ეს არაა ერთპარტიული დიქტატურა“, განაცხადა დავით საგანელიძემ. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის აუცილებლობაზე, რაც ქყვეყნის სწორ განვითარებას უწყობს ხელს. მისი განცხადებით, აქამდეც რომ ყოფილიყო ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ოპოზიცია, ქვეყანა აქამდე არ მივიდოდა, რომ ერთ ადგილს ტკეპნის ღია კარის წინ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გაიხსენა რა რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა კოალიციამ არჩევნებში გამარჯვებამდე. საქართველის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ცდილობდა ნაცინალური მოძრაობა ქვეყნის მშენებლობას და განვითარებას, როგორ მიაღწია ქვეყანამ იმას, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მეცხრე ადგილზეა ას ოც ქვეყანას შორის, ასევე საქართველო ნომერი პირველი ქვეყანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. მისი განცხადებით შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ამაყობს, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც ლეგიტიმურად არის აღიარებული, როგორც საზოგადოების პროგნოზირებადი წევრი, რომელიც მალე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ორივე მომხსენებელს მოუხდა სემინარის მონაწილეების მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც შეეხებოდა პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხს, რაც ხელს უშლის ქვეყნის სახელისუფლო ისტებლიშმენტის ერთიან, შეთანხმებულ საქმიანობას. სტუმრები დაინტერესდნენ კოჰაბიტაციის პროცესით და საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთდამოკიდებულებით, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნების განწყობებით და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებით. ახალი მთავრობის რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი მატკავამ. მან სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტებია საკუთრების დაცვა, წარმოშობილი დავების სამართლიანი გადაჭრა, ბიზნესისათვის და თავისუფალი ვაჭრობის ხელის შეწყობა. მისი განცხადებით საქართველომ თავისი გეო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც მისი და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელდა. მან განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით არც ერთ ქვეყანას არ გაუტარებია რეფორმები ამდენი მიმართულებით როგორც ეს საქართველომ გააკეთა. სემინარის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოში პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ, რაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებში გამოიხატა. მომხსენებლებმა ამომწურავად უპასუხეს სტუმრების შეკითხვებს. ამერიკის სავაჭრო პალატის საქმიანობაზე, საქართველოს ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობაზე ისაუბრა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა საქართველოში სარა ვილიამსონმა. დღის ბოლოს, სემინარის მონაწილეების წინაშე ბულგარეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ტოდორ ტაგარევი წარსდგა, რომელმაც თავდაცვის სფეროში კორუფციის აღმოხვრის გზებზე და კეთილსინდისიერების დამკვიდრებაზე ისაუბრა. ამით, როუზ-როსის 83-ე სემინარის მეორე დღის სხდომა დასრულდა. დელეგაციის წევრები ხვალ დილის 9.00 საათზე შეიკრიბებიან და მსჯელობას უკვე სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი: რეგიონალური შერიგების პერსპექტივებზე ისაუბრებენ. |