|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა |
|
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 19:18 |
|

ქვეყანა მალე მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიიღებს, რისი გარანტიც იქნება კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. კანონპროექტის ზოგადი პრინციპების შესახებ საუბრისას, ერთ-ერთმა ინიციატორმა ელისო ჩაფიძემ კომიტეტის წევრებს, ძირითადად, ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, ასევე პარლამენტში წინასწარი განხილვებისას გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე გაითვალისწინეს კანონპროექტის ავტორებმა. მნიშვნელოვანი სიახლეა აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიად გარდაქმნის საკითხიც, რაც სხდომაზე მოწვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის შენიშვნები წარმოადგინა, რომლებიც უფრო ტექნიკური ხასიათის იყო. ამ შენიშვნების გათვალისწინებით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი. სხდომაზე ასევე განიხილეს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომელიც კომიტეტის სხდომის მონაწილეებს ხათუნა გოგორიშვილმა გააცნო. რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მიზანს წარმოადგენს ის, რომ ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არიან საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში, მიეცეს უფლება პლენარულ სხდომებზე რეგლამენტით განკუთვნილი გამოსვლების დრო უმრავლესობაში ან უმცირესობაში გაერთიანებულ სხვა ფრაქციას დაუთმონ. რეგლამენტში შესატანი ამ ცვლილებებს არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმოამდგენლები. ირინე იმერლიშვილის შეფასებით, ეს დისკრიმინაციული იქნება იმ ფრაქციების მიმართ, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში. „საერთოდაც, საინტერესო უნდა იყოს ყველა ფრაქციის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების მოსმენა, ვინაიდან, ყველა ფრაქციის უკან რეალურად პარტია უნდა იდგეს და ფრაქცია მარტოოდენ ტექნიკური წარმონაქმნი არ უნდა იყოს. ამასთანავე ეს ცვლილებები ართანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებულ ფრაქციებს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ. საბოლოოდ, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:36 |