დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 21:09

პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველ კანონპროექტებსა და სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაიამ წარმოადგინა „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პროექტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაღრმავებას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შეთანხმების პროექტს.
მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი ”ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაა. კანონპროექტით იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა წამახალისებელი გათამაშებისა. კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
ასევე მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტების მიმართ შენიშვნები არავის ჰქონდა.
პარლამენტის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვით ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად უნდა განისაზღვროს ის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საქმიანობას, მგზვრთა გადაყვანას.
კანონპროექტი თბილისის მერის გიგი უგულავას წერილის საფუძველზე შემუშავდა, რომლითაც იგი M2 კატეგორიის ავტობუსის მძროლებისათვის ფიქსირებული გადასახადის დადგენის შესაძლებლობას ითხოვდა. იმის გამო, რომ კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასევე დგინდება ფიქსირებული გადასახადით ახალი დასაბეგრი ობიექტი და გადასახადის განაკვეთი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ამ საკითხზე მთავრობის პოზიციის გაცნობა.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:38
 
modules