|
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის განიხილეს |
|
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 21:16 |
|

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტების წინასწარი განხილვა შედგა აღნიშნული სფეროს ექსპერტებთან და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. კანონპროექტები ავტორმა, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა წარმოადგინა. მისი თქმით, ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკის კომპეტენციაში აღარ შევა საბროკერო კომპანიებზე, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ცენტრალურ დეპოზიტარსა და საფონდო ბირჟაზე ზედამხედველობა. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ეროვნული ბანკი თავისუფლდება მისთვის ზედმეტი ფუნქციისაგან, რასაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირება წარმოადგენს, ვინაიდან საბანკო და ფასიანი ქაღალდების სფეროები გარკვეულწილად კონკურენტულ სფეროებს მიეკუთვნებიან. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ეს ფუნქცია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს პრეროგატივა იქნება. რეგულირების ასეთი სახე განპირობებულია მსოფლიო კრიზისის შემდგომი კვლევების რეკომენდაციით. ავტორის შეფასებით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სირთულიდან გამომდინარე, მარეგულირებელი ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი დარგის პროფესიონალებით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა რეგულირების სრულყოფის მიზნით, შეიქმნება ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია, რომელსაც ლიცენზიების გაცემა, შეჩერება ან მონაწილეთა საქმიანობის მონიტორინგი დაეკისრება. დავით ონოფრიშვილის განცხადებით, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისა და საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობითაა გამოწვეული. აღნიშნული ხარვეზები აბრკოლებდა ამ სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების, კომპანიებისა და კერძო პირების ნორმალურ საქმიანობას. კანონპროექტის ძირითადი მიზანია აღნიშნულ სფეროში ევროდირექტივის რეკომენდაციების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება. ცვლილების თანახმად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიასთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საზედამხედველო სააგენტო“, რომელიც ამ სფეროში არსებული პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობას გაუწევს ზედამხედველობას. ცვლილებამდე აღნიშნულ ფუნქციას პარლამენტთან არსებული აუდიტორიული საბჭო ასრულებდა. კანონპროეტში დეტალურად არის გაწერილი ამ სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:29 |