საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
სამშაბათი, 30 აპრილი 2013 23:06

საქართველოში მედია მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგულაციებს მედია პლურალიზმის სამართლებრივი საფუძვლების გამყარებისთვის, მედიის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის რეფორმირებას ითვალისწინებს კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა. კანონპროექტი ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს რაოდენობა 9 წევრამდე მცირდება, რომელთაგან ერთ მეურვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, ორს - სახალხო დამცველი, სამს - საპარლამენტო უმრავლესობა, სამს კი პარლამენტის დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარადგენს. პარლამენტისთვის წარსადგენ, ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს.
ელისო ჩაფიძის განცხადებით, გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელე-რადიო დეპარტამენტის გარდაქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიად, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. შესაბამისად, აჭარის ტელევიზიის დაფინანსება 2 613 000 ლარიდან 5 500 000 ლარამდე გაიზრდება.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა წარადგინა.
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ უნდა შეიქმნას ასოციაცია, რომელიც უფლებამოსილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მინიჭებაზე, შეწყვეტასა და მონიტორინგზე. ასოციაცია უზრუნველყოფს ნებაყოფლობითობას და სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებს.
კომიტეტმა ასევე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს ადგენს. მოგების გადასახადის დაბეგვრისგან გათავისუფლდება: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული გრანტები და საწევრო შენატანები, 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ხოლო ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა), და ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის „მეწარმეთა შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონებშიც. კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ინდმეწარმე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას. კომიტეტში დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ განაკვეთი თვეში 15 ლარით განისაზღვროს. კომიტეტმა კანონპროექტს აღნიშნული ცვლილებით ერთხმად დაუჭირა მხარი.
კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ სარატიფიკაციოდ წარადგინა „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, რომელსაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ამ საკითხებს პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 12:44
 
modules