სხდომის ოქმი #2

                                                                                                                                 

                     საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #2

         

                                                                                                                                                                                                                                                                                       23  ოქტომბერი  2012 .

                           

                                                                                                                                                                                                                   

 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; თინათინ ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; გიორგი მელაძე; გიორგი ხაჩიძე; კობა სუბელიანი; კახა ბუცხრიკიძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

ლევან ყიფიანი - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი;

გიორგი მახათაძე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით.  

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

საქართველოს მთავრობისათვის და საქართველოს სამთავრობო პროგრამა - ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“  ნდობის გამოცხადების საკითხი.  

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა -,,ძლიერი, დემიკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ განხილვას.

თავმჯდომარემ აგრეთვე განაცხადა, რომ სხდომას ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ბატონი ლევან ყიფიანი და სიტყვა გადასცა მას, რათა წარმოედგინა საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები სპორტისა და ახალგაზრდულ სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების და ცვლილებების შესახებ

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს ლევან ყიფიანის მოხსენება:

მომხსენებელი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. მისი ინფორმაციით, რეფორმის პირველი პრიორიტეტი იქნება სპორტის დეპოლიტიზება და დეცენტრალიზება. სპორტის სახეობათა ფედერაციები და ზოგადად სპორტული სამყარო უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისაგან.

აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის აკადემიის აღდგენა,  აუცილებელია ქვეყანაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უმაღლესი სასწავლებლის არსებობა. დღესდღეობით მოშლილია უმაღლესი სასპორტო განათლების სისტემა, გვაქვს მწვრთნელების, სკოლებში სპორტის მასწავლებლების პრობლება, აგრეთვე პრობლემებია სპორტული მედიცინის კუთხით, რაც პირველ რიგში მაღალი მიღწევების სპორტზე აისახება. სასწავლო-საწვრთნელო მუშაობის მაღალი ხარისხი წარმოუდგენელია შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების გარეშე. მომხსენებლის ინფორმაციით, სპორტის აკადემიის აღდგენის პროცესში, სწავლების დონის ასამაღლებლად, აუცილებელია ევროპული გამოცდილების გათვალისწინება.

ლევან ყიფიანის ინფორმაციით,  სამინისტროში იურისტებისგან შექმნილი ჯგუფი,  აქტიურად დაიწყებს ახალ კანონზე მუშაობას, ვინაიდან მოქმედი ,,სპორტის შესახებ“ კანონი მიღებულია 1996 წელს, იგი უკვე მოძველებულია, ხასიათდება სერიოზული ხარვეზებით და ვეღარ პასუხობს დარგისადმი თანამედროვე მოთხოვნებს.

რაც შეეხება ახალგაზრდობას, აქაც აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გარკვეული პოლიტიკა ახალგაზრდობის თემაზე. ასევე გაუმართლებელია და უნდა შეწყდეს ახალგაზრდული ასოციაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობების მიმართ დირექტივების კარნახის მავნე პრაქტიკა, რადგან ახალგაზრდებმა თავად უნდა მართონ თავიანთი ცხოვრება. აგრეთვე ყველა ძალისხმევით უნდა მოხერხდეს სპორტში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. ქვეყანაში უნდა შეიქმნას პირობები იმისათვის, რომ სპორტში ჩაბმა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის ყველა ფენისათვის.

მომხსენებლის ინფორმაციით,  ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, სამინისტროს პრიორიტეტები აგრეთვე იქნება  სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, სპორტული მედიცინის განვითარება და სპორტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: 

ლერი ხაბელოვმა  მადლობა გადაუხადა ლევან ყიფიანს საინტერესო მოხსენებისთვის, აღნიშნა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრიორიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შორის. 

შოთა ხაბარელმა აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანი არის ამ დარგში ძალიან კომპეტენტური პიროვნება და მის მიერ წარმოადგენილი  ხედვა და სამომავლო გეგმები, აუცილებლად დადებით გავლენას იქონიებს ქართული სპორტის განვითარებაზე. 

გიორგი თოფაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრობის კანდიდატს საინტერესო მოხსენებისთვის და დასძინა, რომ  ვინაიდან  დღესდღეობით სამინისტროში ყველაფერის აწყობა და დალაგება თავიდანაა საჭირო, აუცილებელია სამინისტროში მკაცრი აუდიტის ჩატარება ყველაფრის უკეთ შესწავლის და გაკონტროლების მიზნით. 

გიორგი ხაჩიძემ წარმატებები უსურვა მინისტრობის კანდიდატს და განაცხადა, რომ ნდობის მისაღებად წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში ძალიან მცირე ადგილი ეთმობა სპორტს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტრო შეიმუშავებს რაიმე ხელმოსაკიდ დოკუმენტს, რომელშიც იქნება მეტი კონკრეტიკა და რომელზეც შესაძლებელი იქნება თემატურად მსჯელობა. 

კობა სუბელიანმა წარმატებები უსურვა მინისტრობის კანდიდატს და განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა იმ ინიციატივას, რაც ქვეყნის წინსვლას შეუწყობს ხელს. აგრეთვე განაცხადა, რომ ადრე სპორტის აკადემიაში არსებობდა არასპორტული ფაკულტეტებიც  და დაინტერესდა:  აღდგენის შემთხვევაში აკადემია იგივე სახით დაბრუნდება თუ ეს არასპორტული ფაკულტეტები გაუქმდება? 

ლევან ყიფიანმა განმარტა, რომ სპორტის აკადემიის აღდგენა აუცილებელია, მაგრამ იქ სწავლების დონე უნდა ამაღლდეს, შეძლებისდაგვარად უნდა გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს და  სავარაუდოდ არასპორტული ფაკულტეტები აკადემიაში არ იარსებებს. 

გიორგი მელაძემ დააფიქსირა საკუთარი პატივისცემა მინისტრობის კანდიდატის მიმართ და  გამოხატა ყველა მისაღები ინიციატივისათვის მხარდაჭერის მზაობა. აგრეთვე დაინტერესდა: ჩაერევა თუ არა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სპორტული ფედერაციების შიდა პოლიტიკაში და ბიუჯეტის დამტკიცებაში? 

ლევან ყიფიანმა განმარტა, რომ ფედერაციები თვითონ განსაზღვრავენ საკუთარ პოლიტიკას და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან ჩარევა არ მოხდება. 

იოსებ ჯაჭვლიანმა მადლობა გადაუხადა მინისტრობის კანდიდატს საინტერესო და ამომწურავი მოხსენებისთვის, აგრეთვე განაცხადა რომ ლევან ყიფიანი მართლაც ძალიან კარგად იცნობს დარგში არსებულ პრობლემებს  და იმედი გამოთქვა რომ მისი ცოდნა და პიროვნული თვისებები მხოლოდ დადებითად წაადგება ქართული სპორტის განვითარებას. 

გიორგი მახათაძემ (კომიტეტის აპარატის უფროსმა) გააკეთა მცირე მოხსენება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის განვლილი საქმიანობის შესახებ. აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში დამატება რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში იყო კომიტეტის ინიციატივა იმის შესახებ, რომ კონსტიტუციაში ყოფილიყო ჩანაწერი სპორტის სფეროზე სახელმწიფოს მხდირან მხარდაჭერაზე. აგრეთვე აღნიშნა, რომ კომიტეტს მზად აქვს კანონპროექტი ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ და ის ინიცირების პროცესშია. კომიტეტის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით გაკეთდა „საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“. აგრეთვე კომიტეტი სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავებაში. აქტიური თანამშრომლობა იყო ზედამხედველობის კუთხით სპორტულ ფედერაციებთან და პერმანენტულად ხდებოდა მათი საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.

მან დასძინა, რომ კომიტეტს ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული 4 წლიანი მუშაობის პერიოდში  და იმედი გამოთქვა დაწყებული პროექტების შემდეგში წარმატებით გაგრძელებისა. 

ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ ფარული კენჭისყრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამაზე - ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“. 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული ფარული კენჭისყრის  შედეგად, დამსწრე წევრების უმრავლესობით  (შვიდი ხმით.  ოთხმა თავი შეიკავა და შესაბამისად ბიულეტენებიც გაუქმდა), მხარი დაუჭირა ლევან ყიფიანის კანდიდატურას სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრის პოსტზე და ნდობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - ,,ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“. 

ლერი ხაბელოვმა მიულოცა ლევან ყიფიანს და წარმატებები უსურვა მას. აგრეთვე მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

 

  

კომიტეტის თავმჯდომარე                                                      ლერი ხაბელოვი

  

 კომიტეტის აპარატის უფროსი                                                გიორგი მახათაძე

 
modules