| სხდომის ოქმი #4 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი #4 21 ნოემბერი 2012 წ. საქართველოს პარლამენტის დარბაზი N3
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; თამაზ შიოშვილი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; გიორგი მელაძე; გიორგი ხაჩიძე; კობა სუბელიანი; კახა ბუცხრიკიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: ირაკლი დოლაბერიძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი; ჯემალ (გურამ) ძაგანია - სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): ,,საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხი“ /მომხსენებელი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხს და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს ირაკლი დოლაბერიძის მოხსენება: მომხსენებელის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა სპორტის ფაკულტეტი, რომელიც 1938 წელს გამოეყო უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად, საქართველოს ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სახელწოდებით. 1994 წელს ინსტიტუტს შეეცვალა სახელწოდება და 2007 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც ქვეყანაში ერთადერთი უმაღლესი აკადემიური სასპორტო სასწავლებელი, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (09.06.2006წ. #1-1/502) ბრძანებით, ს.ს.ი.პ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა. სპორტის აკადემიის შემოსავლები შეადგენდა 1.500.000 ლარს წელიწადში. აქედან სახელმწიფო დაფინანსება შეადგენდა მხოლოდ 333.900 ლარს. ხოლო საკუთარი შემოსავლები 1.166.100 ლარს. სამინისტროში შემავალ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, სპორტის აკადემია იყო ყველაზე დიდი, ხოლო დაფინანსებით ყველაზე მცირე სასწავლებელი. ამის გარდა სახელმწიფოს დავალიანება, რომელიც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გააჩნდა სპორტის აკადემიისადმი შეადგენდა 1.700.000 ლარს. ს.ს.ი.პ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დირექტორის (27.10.2006 წ. #98/ა) ბრძანებით ს.ს.ი.პ. საქართველოს სახლმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიას, 2007-2008 სასწავლო წლიდან მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. (მაშინ როდესაც აკრედიტაცია ვერ გაიარა არაერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა). სტუდენტთა საერთო რაოდენობა (2007 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, აკადემიის გაუქმებამდე) შეადგენდა 2737-ს. (ფაკულტეტების, სპეციალობების და მ.შ უცხოელი სტუდენტების მიხედვით). სპორტის აკადემიაში მწვრთნელთა ფაკულტეტზე არსებობდა-მწვრთნელის სპეციალობა სპორტის 29 სახეობაში; ფიზ. აღზრდის ფაკულტეტზე - ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის და დაწყებითი სამხედრო ფიზიკური აღზრდის სპეციალობები; სამკურნალო ფიზ. აღზრდისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე -რეაბილიტაცია ფიზიკური ვარჯიშებით და ადაპტიური სპორტის სპეციალობები. სპორტის აკადემიაში (11.07.2007 წ. მდგომარეობით) დასაქმებული იყო 337 ადამიანი. მათ შორის 200-მდე უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტიდან - 28 სპორტის დამსახურებული მუშაკი; 25 საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯი; 150 აკადემიური პერსონალი, მათ შორის 91 პროფესორი (სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი). აგრეთვე ლაბორანტი, მთავარი სპეციალისტი; სპეციალისტი და დამხმარე პერსონალი. ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების მიუხედავად, 2007 წლის 11 ივლისს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მაშინდელი მინისტრის წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა #140 დადგენილება, „ს.ს.ი.პ. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“. რეალურად კი მოხდა არა რეორგანიზაცია, არამედ გაუქმება, რაც შემდგომში დადასტურდა კიდეც. მას შემდეგ საქართველოში აღარ არსებობს უმაღლესი აკადემიური სასწავლებელი, შესაბამისად უმაღლესი სასპორტო განათლების სისტემა და არც მაღალკვალიფიციური ფიზიკური აღზრდისა და სპორტული კადრების მომზადება. ამავდროულად გაუქმდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯიც, რომელიც ასევე ერთადერთი პროფესიული სასპორტო სასწავლებელი იყო. ს.ს.ი.პ. ილიას უნივერსიტეტმა ისე მიიერთა სპორტის აკადემია, რომ მას არც ინფრასტრუქტურა, არც სასწავლო-საწვრთნელი და არც შესაბამისი არანაირი პირობები არ გააჩნდა. აგრეთვე სპორტის აკადემიის შენობა ნაგებობებიდან გატანილი იქნა მოძრავი ქონება, სასწავლო-საწვრთნელი ინვენტარი, დოკუმენტაცია, მატერიალური ქონება, სპორტული ჯილდოები და სამუზეუმო ექსპონატები, ანატომიის მუზეუმი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა, რაც დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს, განადგურებულია, ან გამოსაყენებლად უვარგისია. სპორტის აკადემიის საქმეზე მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაო, შეისწავლა აღნიშნული საქმე და რეკომენდაციით მიმართა პრემიერ მინისტრს. აღნიშნულთან დაკავშირებით 5 წელზე მეტია მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც მოსარჩელე მხარე სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტი მთავრობის დადგენილების (11.07.2007წ. #140) ბათილად ცნობას ითხოვს. სასამართლო დავა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია) შეჩერებულია უვადოდ, მხარეთა მორიგების მიზნით. სამართლებრივი პროტესტის არაერთი ფორმის გამოხატვის 5 წლიანი ბრძოლის შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით, ყოფილი სპორტის აკადემიის ტერიტორია გასხვისებული არ არის და იგი სახელმწიფოს საკუთრებაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა კადრების კუთხით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის 2010/2011 წლის მონაცემებით, 2165 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 4176 ფიზიკური აღზრდის მასწავლებლიდან - 2539, ანუ 60%-ზე მეტი არასპეციალისტია და მათ შორის - 821-ს საერთოდ არ გააჩნია უმაღლესი განათლება. აღსანიშნავია ისიც, რომ 50%-ით შემცირდა მწვრთნელთა კონტიგენტი. დარჩენილთა დიდი ნაწილი კი ხანდაზმულია, მათი საშუალო ასაკი 60 წელს სცილდება. დღესდღეობით უკვე არსებობს საქართველოს მთავრობის ნება, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ. ყოფილი სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ უკვე მომზადებულია საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია და კონკრეტული მიზნობრივი პროგრამა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: ჯემალ (გურამ) ძაგანიამ აღნიშნა, რომ სპორტის აკადემიის დიპლომი აღიარებული იყო ყველგან. რისი დასტურიც იყო უცხოელ სტუდენტთა მრავალრიცხოვანი კონტიგენტი (120 სტუდენტი). სპორტის აკადემიის კურსდამთავრებულთაგან დიდი ნაწილი მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში დღესაც წარმატებით მოღვაწეობს. ისინი, მზადყოფნას გამოთქვამენ ჩამოვიდნენ საქართველოში, თუკი სპორტის აკადემია აღდგება და თავიანთი წვლილი შეიტანონ სპორტული კადრების აღზრდაში. საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე სპორტის აკადემიიდან ყოველწლიურად იგზავნებოდა სტუდენტები საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სპორტულ სასწავლებელში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სისტემატურად ღებულობდნენ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, საერთაშორისო სასწავლო-საწვრთნელ პროგრამებში, გაფორმებული იყო სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები საზღვარგარეთის სპორტული პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან. სპორტის აკადემიის წამყვანი სპეცილისტები დღესაც მოღვაწეობენ ეროვნულ ნაკრებებსა და სპორტულ ფედერაციებში. სპორტული შედეგების თვალსაზრისით, აკადემიის აღზრდილი 18 ოლიმპიური ჩემპიონი 20 ოქროს მედლის მფლობელია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონთა რიცხვი 300-ს აჭარბებს. მათი აღმზრდელი მწვრთნელ-პედაგოგთა 90% კი სწორედ ამ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულია. სხდომას შემოუერთდა გიორგი გაბაშვილი - ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს თავმჯდომარე. გაბაშვილის ინფორმაციით, 2007 წელს, სწორედ მისი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრობის პერიოდში, საქართველოში ბევრი პროცესი მიმდინარეობდა უმაღლესი განათლების სისტემაში, მოხდა უმაღლესი სასწავლებლების შესწავლა და მათ შორის სპორტის აკადემიის, რომლის მენეჯმენტშიც აღმოჩნდა სერიოზული გადაცდომები, აკადემიაში ირიცხებოდნენ სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდზე ავლით, რაც იყო დაუშვებელი. სპორტის აკადემიაში სწავლების დონე არ იყო სათანადო და სტუდენტები ვერ იღებდნენ კარგ განათლებას. აკადემიაში არსებობდა არასპორტული ფაკულტეტებიც (მაგ. სამედიცინო, იურიდიული). თუმცა აკადემიის დაშლის შედეგად, სტუდენტები არ დაზარალებულან და მათ სწავლა სხვა უმაღლეს სასწავლებლებში დაასრულეს. გოკა გაბაშვილმა აგრეთვე დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოში დაფუძნდება მაღალი ხარისხის სწავლების მქონე ახალი სასწავლებელი. გიორგი მელაძემ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ უკეთესი უმაღლესი სასწავლებელი შეიქმნება და დაინტერესდა დღეისათვის ყოფილი სპორტის აკადემიის ტერიტორია გასხვისებული ხომ არ არის? ირაკლი დოლაბერიძემ განმარტა, რომ სპორტის აკადემიის ტერიტორია გასხვისებული არ არის და იგი სახელმწიფოს საკუთრებაშია. გიორგი თოფაძემ განაცხადა, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო სპორტის აკადემიის გაუქმება. ამ ეტაპზე საჭიროა კარგი ხარჯთაღრიცხვის პროექტის გაკეთება, რათა მოხდეს სპორტის აკადემიის დარჩენილი უძრავი ქონების შესწავლა. ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ სპორტის აკადემიის გაუქმების პროცესში, იგი შეყვანილი იქნა შეცდომაში, რადგან მას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხდებოდა არა სპორტის აკადემიის გაუქმება, არამედ ახალი, ევრო სტანდარტებზე მორგებული სასწავლებლის აშენება, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე და მას აუცილებლად მიაჩნია, საქართველოში ახალი სპორტის უნივერსიტეტის დაფუძნება. შოთა ხაბარელმა აღნიშნა, რომ სპორტის აკადემიის გაუქმება იყო ყოვლად დაუშვებელი და აუცილებელია, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აისახოს მის აღსადგენად საჭირო თანხები. სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის. ლერი ხაბელოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, საკანონმდებლო დონეზე გამოხატავს ყოველმხრივ თანადგომას და მხარს დაუჭერს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნას (აღდგეს) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასპორტო სასწავლებელი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი.
კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






