| სხდომის ოქმი #6 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი #6
27 დეკემბერი 2012 წ.
11:00 საათი
საქართველოს პარლამენტის დარბაზი N3 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; გიორგი თოფაძე; თამაზ შიოშვილი; თინათინ ხიდაშელი; იოსებ ჯაჭვლიანი; რევაზ შავლოხაშვილი; გიორგი მელაძე; გიორგი ხაჩიძე; კობა სუბელიანი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: ლუკა კურტანიძე - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი; ედიშერ მაჩაიძე - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; გიორგი ლომიძე - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი; ირაკლი დოლაბერიძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიისწარმომადგენლები. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგმების მოსმენა /მომხსენებელი: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგემების მოსმენას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს ლუკა კურტანიძის მოხსენება: მომხსენებელის ინფორმაციით, საქართველოს ჭიდაობის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფედერაციას კონკრეტული მიმართულებები და ღონისძიებები აქვს შემუშავებული. პირველ რიგში, აუცილებელია სპორტში საკანონმდებო ბაზის განახლება, ვინაიდან მოქმედი კანონი სპორტის შესახებ, რომელიც 1996 წელს იქნა მიღებული მოძველებულია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ასევე ფედერაციას დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი ქვეყანაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და სპორტული ინვენტარის მოსაწესრიგებლად. ჭიდაობის სახეობები პოპულარობით სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მრავალ კუთხეში, მაგრამ ჭიდაობის დარბაზების რაოდენობა არ არის საკმარისი. დღეს არსებული დარბაზების უმრავლესობა, სადაც კულტივირებულია ჭიდაობის სახეობები, უპირობობის გამო სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს. საჭიროა რეგიონებში არსებული დარბაზების აღრიცხვა, პრობლემების მონიშვნა და მათი გადაჭრის გზების დასახვა. აგრეთვე მოსაგვარებელია კადრების საკითხი. რადგან, რაც არ უნდა კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, კადრების არ ყოლის შემთხვევაში, ყველაფერი მაინც დაკარგულია. 2007 წლიდან სპორტის აკადემიის გაუქმებამ პრაქტიკულად მთელს ქვეყანაში არა მარტო შეწყვიტა მომავალი კადრების მომზადების საკითხი, არამედ არსებული კადრების მომზადება-გადამზადების საკითხებიც რეალურად შეაჩერა. პრაქტიკულად მწვრთნელის პროფესია გაქრა, რასაც მოყვა ნაწილობრივ კადრების და შესაბამისად სპორტსმენების გადინებაც საზღვარგარეთ. ამ დროის მონაცემებით ქვეყნის გარეთ 42 სხვადასხვა სახელმწიფოში ჩვენი კურსდამთავრებულები და სპორტსმენები აქტიურად მოღვაწეობენ. მისასალმებელია ჩვენი მთავრობის ნება, რომ დროულად მოხერხდეს პრობლემების მოგვარება და ქვეყანაში შეიქმნას (აღდგეს) “ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი”. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციასთან იქმნება ჩემპიონთა კლუბი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს ჭიდაობის ელიტარულ სამყაროს და რომლის ძალისხმევითაც, ჭიდაობის მომავალი აღორძინებისთვის, ჭიდაობის განვითარების სამთავრობო პროგრამის შექმნის საჭიროება იკვეთება, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია, აღნიშნული პროგრამა პრაქტიკულად საკითხთა დიდ სპექტრს მოიცავს. იგი იქნება 8 წლიანი, 2 ოლიმპიურ ციკლზე გათვლილი და მხარდაჭერის შემთხვევაში უმაღლესი შედეგების მომტანი. სპორტისა და მათ შორის ჭიდაობის განვითარებისათვის, აუცილებელია სპორტული კლუბების არსებობა. “ფილა”-ს ეგიდით ტარდება ევროპის ჩემპიონატი კლუბებს შორის. განსაკუთრებით საჩქაროა “არმიის სპორტული კლუბის” აღდგენა, აგრეთვე აღსადგენია სხვა სპორტული კლუბებიც, მაგ. “დინამო”, “ლოკომოტივი” და ა.შ. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობით შესაძლებელია გაიხსნას კლუბები, რომელთა დაფინანსება განხორციელდება ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით. რაც შეეხება ბავშვთა სპორტს, აღნიშნულის განვითარება ეს არ არის მხოლოდ საფუძველი მომავალში დიდი სპორტული შედეგების მიღწევისა, არამედ ეს არის ჩვენი ერის მომავლის ჯანმრთელი თაობით უზრუნველყოფა და განათლების გათვალისწინებით მათი ჰარმონიული აღზრდა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეს არის პრევენციული მიმართულება ნარკომანიის წინააღმდეგ, ასევე სამშობლოს დამცველთა რიგების პატრიოტული აღზრდა და ა. შ. აგრეთვე საქართველოს ნაკრებებთან ურთიერთობებში აუცილებელია მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და თანამედროვე მეთოდებით მუშაობა, რაც სამწუხაროდ დღემდე არ ხორციელდება. საყურადღებოა, რომ 2013 წლის 15-24 მარტს, ქალაქ თბილისში ტარდება დიდების ევროპის ჩემპიონატი. აღნიშნული ღონისძიება არის მეტად მნიშვნელოვანი, რამდენადაც იგი ტარდება საქართველოს ისტრიაში პირველად. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ჩატარდება უმაღლესი ოლიმპიური კატეგორიის მსაჯთა 2-დღიანი სემინარები და ევროპის ფედერაციის კონგრესი. იმის გათვალისწინებით, რომ “ფილა”-ს რეგლამენტით აღნიშნული ღონისძიება უნდა ჩატარდეს უმაღლეს სამთავრობო დონეზე, წარმოგიდგენთ რამოდენიმე საკითხს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია: 1. საჭიროა შეიქმნას სამთავრობო საორგანიზაციო კომიტეტი; არის სხვა საკითხებიც, რომლებიც მიმდინარე პროცესში ბუნებრივია წამოიჭრება და ჭიდაობის ფედერაცია იმედოვნებს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. დასასრულს მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ჭიდაობაში არსებული პრობლემების მოსმენა-განხილვისთვის და გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ ჭიდაობის ფედერაცია შეასრულებს თავის თავზე აღებულ ყველა ვალდებულებას, და ღირსეულად წარსდგება მომავალ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე და რაც მთავარია 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ქვეყანას დაუბრუნდება სხვადასხვა სინჯის მედლით, რასაკვირველია პირველ რიგში ოქროს მედლით. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისთვის და განაცხადა, რომ სპორტის აკადემიის დაშლამ ნამდვილად მოახდინა მწვრთნელთა ნაკადის წყვეტა. ბუნებრივია, რომ ეს პრობლემა შეეხო ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასაც. ამიტომ, აღნიშნული სიცარიელის ამოსავსებად, აუცილებელია ერთადერთი უმაღლესი სასპორტო სასწავლებლის აღდგენა საქართველოში. თინა ხიდაშელი დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა 2013 წლის მარტში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესი, ვინაიდან აღნიშნულ ღონისძიებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი? ლუკა კურტანიძემ განმარტა, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ დროის სიმცირის და გადასაჭრელი საკითხების სიმრავლის მიუხედავად, მაღალ დონეზე მოხდეს 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში. გიორგი მელაძემ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად საორგანიზაციო საკითხები მარტივად მოგვარებადია, მით უმეტეს როდესაც აღნიშნულში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და შესაბამისი სამინისტროც არიან ჩართულები. შოთა ხაბარელი დაინტერესდა, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას თუ დაუმტკიცდა 2013 წლის ბიუჯეტი და რა თანხას შეადგენდა ის? ირაკლი დოლაბერიძემ განმარტა, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულია და მალე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ცალკეულ ფედერაციებთან ერთად გაივლის აღნიშნულ საკითხს, რათა მოხდეს მათთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობის განსაზღვრა. იოსებ ჯაჭვლიანი დაინტერესდა, 2013 წლის მარტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე დასწრება იქნება თავისუფალი, თუ ბილეთები გაიყიდება? ედიშერ მაჩაიძემ განმარტა, რომ ეს არის ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეროგატივა და ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი
კომიტეტის აპარატის უფროსი გიორგი მახათაძე |






