სხდომის ოქმი #7

      საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #7         

                                                                                                  7  თებერვალი  2013 .

                             

                                                                                                                     17:00 საათი

 

                                                              საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N8

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი. 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ზურაბ ზვიადაური; თამაზ შიოშვილი; თინა ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; რევაზ შავლოხაშვილი; გიორგი მელაძე; გიორგი ხაჩიძე; გიორგი თევდორაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ედიშერ მაჩაიძე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.  

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

1.  საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი, 2012 წლის 28 სექტემბერს ხელმოწერილი ,,საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განხილვა.

                        /მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე/ 

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი, 2012 წლის 6 დეკემბერს ხელმოწერილი ,,საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განხილვა.

  /მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს.

წესრიგით გათვალისწინებულ  პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დავით ებრალიძის მოხსენება:

მომხსენებელის ინფორმაციით, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციების გაფორმება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების ,,საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-16 მუხლის მიხედვით,  შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს სპორტსმენი, ერიცხება არა თვით სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება სპორტსმენის საქმიანობა.                               

ხოლო ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისად.  

წესრიგით გათვალისწინებულ  მეორე  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დავით ებრალიძის მოხსენება:

მომხსენებლის ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების ,,საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,  აქაც შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს სპორტსმენი, ერიცხება არა თვით სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება სპორტსმენის საქმიანობა.         

ხოლო მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ ვრცელდება სპორტსმენის მიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ვიზიტი ამ სახელმწიფოში ხორციელდება სრულად ან ძირითადად მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სახელმწიფო სახსრებით. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის სპორტსმენი. 

სხდომის თავმჯდომარემ მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა წარმოდგენილი შეთანხმებებისთვის.  

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა,  ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ შეთანხმებებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს და განაცხადა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა აუცილებელია მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან.            

 

 

   

 

კომიტეტის თავმჯდომარის  პირველი მოადგილე                      შოთა ხაბარელი

   

 კომიტეტის აპარატის უფროსი                                                  ედიშერ მაჩაიძე