სხდომის ოქმი #8

      საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #8

         

                                                                                               21  თებერვალი  2013 .

                             

                                                                                                                     13:00 საათი

 

                                                              საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N8

 

 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; თამაზ შიოშვილი; თინათინ ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; რევაზ შავლოხაშვილი; გიორგი მელაძე; გიორგი ხაჩიძე; გიორგი თევდორაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

რატი ბრეგაძე - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ედიშერ მაჩაიძე - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით. 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (07-2/28, 16.01.13) განხილვა.  (I მოსმენა)         /მომხსენებელი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე/                                                            

  კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტის ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენით განხილვას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს  რატი ბრეგაძის მოხსენება:

მომხსენებელის ინფორმაციით, ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზეკანონპროექტის  მიხედვით იცვლება თავად კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, ზუსტდება თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდული კავშირის საქმიანობა. ასევე აღნიშნული პუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნეს  შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია მოთხოვნასთან, რომ ახალგაზრდული კავშირის წევრთა არანაკლებ 2/3-ისა აუცილებლად უნდა იყვნენ 26 წლამდე ასაკის, საერთო ინტერესის მქონე, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაერთიანებული მოქალაქეები. პრაქტიკულად ეს მოთხოვნა სრულდება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდული კავშირის წესდებაში შესაბამისი პუნქტის არსებობით, მაგრამ რეალურად ახალგაზრდული კავშირის წევრთა არანაკლებ 2/3 ნამდვილად იყვნენ თუ არა 26 წლამდე ასაკის პირები, აღნიშნულის გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნით, ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, რომ გაწევრიანდეს ახალგაზრდულ კავშირში და მიიღოს მონაწილეობა სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში. გარდა ამისა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრი ფაქტიურად ფორმალური სახით არსებობდა, მასში შეყვანილი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში უკვე აღარ ფუნქციონირებდნენ. აღნიშნულით შესაძლებელი გახდება ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლის ამოღება, რომელიც თავის ფუნქციას მხოლოდ ფორმალურად ასრულებდა. ამავე დროს, პროექტის თანახმად კანონს უნდა დაემატოს მე-151 მუხლი, რომლის მიხედვითაც ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ნაკისრი ვალდებულებები ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხრიდან  სრულად უნდა იქნეს შესრულებული და კანონის მიღებამ ამ მხრივ არ უნდა გამოიწვიოს პრობლემები ფინანსური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით. ამავე მუხლის თანახმად, ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს იმ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვის წარმოება, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე იღებენ ფინანსურ მხარდაჭერას. აღნიშნულით არ შეიქმნება ის ვაკუუმი, რაც შეიძლება შექმნილიყო რეესტრის გაუქმებით. 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: 

ლერი ხაბელოვმა  განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 26 წლამდე შეზღუდვა იხსნება და დაინტერესდა უმჯობესი ხომ არ იქნებოდა, რომ მომხდარიყო ასაკის დონის გადახედვა და არა საერთოდ გაუქმება? 

რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ აღნიშნული შეზღუდვის მოხსნით, ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, რომ გაწევრიანდეს ახალგაზრდულ კავშირში და მიიღოს მონაწილეობა სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში. 

გიორგი თევდორაძე  დაინტერესდა 1) უმჯობესი ხომ არ იქნება,  რომ მოხდეს რეესტრის ბაზის დახვეწა, რაც მოგვცემს უფრო სრულფასოვანი ინფორმაციის ქონის საშუალებას?  2) უმჯობესი ხომ არ იქნება გაკეთდეს ასაკობრივი ბარიერის ანალიზი და არა გაუქმება, რადგან ეს იყო კარგი შესაძლებლობა, რომ მცირე ასაკის ახალგაზრდებს შეეძინათ გამოცდილება? 

რატი ბრეგაძემ პირველ  შეკითხვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს დაევალება აღნიშნული ფუნქციის შესრულება ხოლო რაც შეეხება მეორე შეკითხვას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის ხელის შეწყობა. სამინისტრო ორიენტირებულია, რომ უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობა მოხდეს პროექტებში. 

შოთა ხაბარელი დაინტერესდა 1) რეესტრის გაუქმება ხომ არ გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას?  2) ბაშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს საკუთრებაში თუ გააჩნია უძრავი ქონება? 

რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ რეესტრის გაუქმება არ გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, ხოლო რაც შეეხება ფონდს, მისი ქონება არის მთლიანად სახელმწიფოს ბალანსზე.  

ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,,ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.  

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი  დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტის გატანას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განსახილველად. 

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                                       ლერი ხაბელოვი   

 

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                                     ედიშერ მაჩაიძე

 
modules